ტანზანიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტყის ხანძრის კერები აფრიკის ყველაზე მაღალი მთის – კილიმანჯაროს გარშემო ისევ გაღვივდა. ხანძარი თავდაპირველად ერთი კვირას წინ მთის სამხრეთ კალთაზე იმ ადგილას გაჩნდა, საიდანაც მთამსვლელები 4000-მეტრიან მთაზე ადიოდნენ.
მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს. ტანზანიის ტურიზმისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდივნის ელიამანი მეთიუ სედოიეკას თქმით, 3 კერიდან 2 უკვე ლოკალიზებულია და ახლა მთელი ყურადღება ხანძრის მესამე კერაზეა გადატანილი. იგი იმედოვნებს, რომ კარგი ამინდი იქნება და მეხანძრეები სწრაფად ჩააქრობენ ცეცხლს.
ძლიერმა ქარმა ცეცხლის გაღვივება გამოიწვია. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სტუდენტები, მოხალისეები. როგორც ელიამან მეთიუ სედოიეკა ამბობს, მთამსვლელები და ტურისტები უსაფრთხოდ არიან.
სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილის ჩარო მანგარის ინფორმაციით, ხანძრის მესამე კერასთან მისასვლელი გზა რთულია, რადგან იქ ციცაბო ფერდობებია. მეხანძრეებს უჭირთ ხოლმე ასეთ ადგილებში მისვლა. ამიტომ მათ სჭირდებათ ტექნიკური უნარი, რომ ასეთ შემთხვევებს გაუმკლავდნენ. ამ ვითარების გათვალისწინებით, რთული სათქმელია, რამდენად სწრაფად შეძლებენ ცეცხლის სრულად ჩაქრობას.
ზარალის შესახებ ტანზანიის ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ბოლოდროინდელი მშრალი და ცხელი კლიმატის ფონზე გამანადგურებელი ტყის ხანძრების რისკი მთელ მსოფლიოში იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი სტიქიები უფრო გახშირდება.