სკოპიესა და ბრიუსელს შორის ისტორიულმა შეთანხმებამ კიდევ უფრო დააახლოვა მხარეები. ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრის კონტროლის შესახებ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს „ფრონტექსის“ ფარგლებში. ევროკომისის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბალკანეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ძალისხმევამ, დაუახლოვდეს ევროკავშირს, უკვე გამოიღო შედეგი.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი დაჩქარდა. ძალიან კარგი საქმე კეთდება და რაც მთავარია, მაკედონელებისთვის მშობლიურ ენაზე. მისი პირობა, რომ „ფრონტექსის“ ხელმოწერილ შეთანხმებას მაკედონიურად გადათარგმნიდნენ ყოველგვარი სქოლიოსა თუ აღნიშვნის გარეშე, უკვე შესრულებულია. ევროკომისიის პრეზიდენტი დასძენს, რომ დოკუმენტი ასევე წარმოდგენილია ევროკავშირის ქვეყნების 24 ენაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ გაძლიერდება „ფრონტექსის“ თანამშრომლობა დასავლეთ ბალკანეთთან, რათა გაუმჯობესდეს ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება. შეთანხმების მიხედვით, „ფრონტექსი“ უკვე ჩართულია ერთობლივ ოპერაციებში ალბანეთში, მონტენეგროსა და სერბეთში.