მომავალ წელს ევროკომისია შეაფასებს, როგორ შეასრულა საქარათველომ თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განწყობა პესიმისტურია. „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა დღეს, 27 ოქტომბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ შეფასება მაღალი ალბათობით ნეგატიური იქნება – ანუ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს. მათი თქმით, გარკვეულ პუნქტებთან მიმართებით „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა დაიგვიანა.
„შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით; – შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; – შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს; – ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება“, – წერია განცხადებაში.
„ორი თვეა დარჩენილი და ჯერ არაფერია მიღებული. პირველი, რაც პირველი მოსმენით მივიღეთ, საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს არ არის კარგი, მაგრამ სჯობს, რაც არის დღეს და უკვე დაიწყო საუბარი, რომ ამასაც კი არ მიიღებენ მეორე მოსმენით. თავად „ქართული ოცნება“ მის მიერვე მიღებულ კანონს უწოდებს სამართლებრივ მარაზმს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ თავად აქტიურად მუშაობენ რეკომენდაციების შესრულებაზე და ფიქრობენ, რომ ამ პროცესში ოპოზიციას წვლილი არ შეაქვს, გარდა პროცესის დაზიანებისა.
„ეს დაუცხრომელი სამეული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ტყუილ-მართლის ერთმანეთში არევით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 12 რეკომენდაციის შესრულებაში ამ სამეულმა საერთოდ არანაირი წვლილი არ შეიტანა ამ საქმეში. საქართველო მიდის თავისი გზით, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისითვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, კი ამბობს, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება რეკომენდაციების შესრულების პროცესს.
„ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ.
ანა ალელიშვილი