საქართველოში ჯერ ისევ დიდი გამოწვევაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ამ მხრივ კიდევ უფრო მოწყვლადი ჯგუფია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზაციამ “ფემინა” ახალი კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: კაბალოში, უზუნტალაში, განჯალასა და ყარაჯალაში, 20-80 წლამდე, 15 ქალი გამოიკითხეს.
ამ გზით მკვლევრები შეეცადნენ კონკრეტულ რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა საჭიროებები გამოეკვლიათ.
აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნიდან მოდის. ამ მხრივ ამ მუნიციპალიტეტში მძიმე ვითარებაა, თუმცა საქართველოში არის სხვა რეგიონები, სადაც სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამაში ქალები აქტიურად ერთვებიან.
ნაირა ფაშაევი თბილისში ცხოვრობს. აქ დაიბადა. ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ქართულ ენას სრულყოფილად ფლობს და სხვებსაც ასწავლის. ამბობს, რომ მაგალითად ქვემო ქართლში, ბოლო წლებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების დანერგვამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ბევრი პრობლემა მოუგვარა და შესაძლებლობებიც გაუხსნა.
თუმცა, ფიქრობს, რომ სხვა რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფები ამ მხრივ ისევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან.
ნაირა ფაშაევი: „ეს პრობლემა სამწუხაროდ ისევ რჩება საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს გარკვეული კურსები, რომლებიც არაქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენას სრულფასოვნად შეასწავლის. ვფიქრობ, ეს მათთვის მეტად სასარგებლო იქნება“.
სხვა რეგიონებში რომ ენობრივი ბარიერის პრობლემა ჯერ ისევ მწვავედ დგას, ამას ორგანიზაცია „ფემინას“ მიერ ჩატარებული ახალი კვლევაც ადასტურებს.
კვლევის არეალში ნაირასნაირი დამოუკიდებელი ქალები იშვიათობაა. თაობების მიხედვით ბევრ საკითხში შეხედულებები სხვადასხვაა, თუმცა ყველა მათგანისთვის მწვავედ დგას ჯანდაცვის სერვისების მიღებისა და ტრანსპორტირების პრობლემა – ეს ყველაფერი კი ისევ სახელმწიფო ენის არცოდნიდან მოდის.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 15 ქალიდან, მხოლოდ 4 ფლობდა ქართულ ენას სრულყოფილად. ზოგადად ამ რეგიონში ქართული ენა მამაკაცებმა უფრო იციან, ვიდრე ქალებმა.
„ფემინას“ პროექტის მენეჯერი, ტასო მოდებაძე ამბობს: „მამაკაცების ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში მეტად აქტიურია. ისინი უფრო მეტ კონტაქტს ახერხებენ ქართულენოვან მოსახლეობასთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ ბაზარს, რომელიც ფაქტობრივად რეგიონული მნიშვნელობის ბაზარია. იქ ერთმანეთთან ურთიერთობა უწევს ქართველს, აზერბაიჯანელს, ოსს, ლეკს და იმის მიუხედავად, რომ ქალებიც დიდი დოზით არიან წარმოდგენილნი ყიდვა-გაყიდვის პროცესებში, მამაკაცების პროცენტული წილი იქ მაინც გაცილებით მეტია“.
უფლებადამცველმა ლინდა ჩიხლაძემ ამ კვლევაში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებებზე იმუშავა. ამ მხრივ რეალობა მძიმეა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ენობრივი ბარიერის გამო სამედიცინო სერვისების მიღების დროს ქალების უფლებები ხშირად ირღვევა. მაგალითად, ისინი გინეკოლოგებთან ხშირად მამამთილის თანხლებით დადიან, რომელიც ექიმთან თარჯიმნის როლს ასრულებს. ამ პრობლემაზე მანამდე გაეროს კვლევაშიც იყო საუბარი.
ლინდა ჩიხლაძე ამბობს: „ისინი აწყდებიან ენობრივ ბარიერს ექიმთან კონსულტაციის პროცესში. აქ კი უკვე არის შემხვედრი პრობლემა ექიმების მხრიდან. ქართველი ექიმები ვერ იგებენ მათ საუბარს და ღიზიანდებიან. ჩვენი კვლევა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და იქაც ქალები აღნიშნავენ, რომ ექიმები ღიზიანდებიან და აგრესიულები ხდებიან მათ მიმართ სწორედ ენობრივი ბარიერის გამო“.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს შორის სამჯერ უფრო მაღალია ადრეული შვილოსნობის რისკი, ვიდრე ეთნიკურად ქართველებში. კვლევაში არის მონაწილეთა ციტატები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი სტიგმაა ამ მოწყვლად ჯგუფში კონტრაცეფციის გამოყენება. თუმცა, ასეთი მიდგომა არ არის აბორტებთან მიმართებით. 49 წლის რესპონდენტი ამბობს: “ახალგაზრდები უფრო მეტად მედიკამენტებს იყენებენ, ისიც მასიურად არა. აბორტი უფრო პოპულარულია ჩვენთან. 2–3 ბავშვის მერე უკვე აბორტს იკეთებენ. ურჩევიათ აბორტი გაიკეთონ, ვიდრე თავდაცვას მიმართონ.”
გამოკითხული ქალები და გოგონები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ამ რეგიონში მეტი პროექტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს პირველ რიგში განათლების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნებს. 24 წლის რესპონდენტი ამბობს: “მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, პროექტი გვქონდა, ,,მე ვარ მალალა“. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყეთ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავდა, მათ შორის სოფელშიც და ბევრი გოგო ჩაერთო ამ პროექტში. ისინი განათლებისკენ მიდიოდნენ… ეს პროექტი რომ დასრულდა, ჩაიშალა ყველაფერი, დამთავრდა. ინტენსიური უნდა იყოს ასეთი პროექტები”.
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის არის, რომ ამ რეგიონში ისევ მწვავედ დგას ნაადრევი ქორწინების პრობლემა და ქალების დეჰუმანიზაცია, ანუ ის, რომ ხშირად ქალებს ნივთად, პასიურ ობიექტად აღიქვამენ.
სოფო მაქაცარია