ნინა გორგაძე მომღერალი და მსახიობია. ქალთა ანსამბლის, „ლირას“ წევრია. მიუხედავად ამისა, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და გადაწყვიტა სხვა საქმეც შეეთავსებინა. ამბობს, რომ სამსახურს დიდი ხანია ეძებს. გასაუბრებაზეც არაერთხელ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, როცა დამსაქმებლები იგებენ, რომ ის უსინათლოა, სამსახურში აყვანაზე უარს ეუბნებიან.
„ნამდვილად არ შევეჭიდები ისეთ რაღაცას, რაც ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, რასაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ავიღებ, ბოლომდე მივიყვან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კმაყოფილი იყოს ჩემი დამსაქმებელი.
ძიების პროცესი ძალიან დიდი ხანი გრძელდება, დიდი ხანია მინდა დასაქმება. უბრალოდ, ეტაპობრივად, ფარ-ხმალს ვყრიდი და ვჩერდებოდი, მერე ისევ თავიდან ვიწყებდი და ყოველთვის ერთი და იგივე შედეგით მთავრდებოდა სამწუხაროდ.
დავსაქმდებოდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით, სიმღერის მხრივ. სამსახიობო გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ მინდა ვცადო ბედი ქოლცენტრებში, ქოლცენტრის ოპერატორად ვეძებ სამსახურს ძირითადად“, – გვიყვება ნინა გორგაძე
საბოლოოდ გადაწყვიტა ასოციაცია “ანიკასთვის” მიემართა. ეს ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც შშმ პირების დასაქმებაა. ანიკას წარმომადგენელი, ლიკა მარტიაშვილი ამბობს, რომ შშმ პირების დასაქმების პრობლემა გამოწვეულია დამსაქმებლებსა თუ საზოგადოებაში არსებული სტიგმების, სტერეოტიპების და ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
„ყოფილა შემთხვევა, რომ ლამაზი უარით მოვუშორებივართ, იმიტომ, რომ იცით, რა, მე არ მაქვს ადაპტირებული გარემო. ისინი (დამსაქმებლები) არც კი კითხულობენ, რეალურად ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს სჭირდება თუ არა ადაპტირებული გარემო.
შშმ პირთა მხარდაჭერით დასაქმებას გაცილებით უფრო დიდი მისია აკისრია, ვიდრე არის ადამიანების დასაქმება. ამით ვამსხვრევთ არსებულ სტიგმებს, ვცვლით დამოკიდებულებებს საზოგადოებაში“, – ამბობს ლიკა მარტიაშვილი, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი
სახალხო დამცველის შეფასებით ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები არაეფექტურია. უწყების 2022 წლის ანგარიშის თანახმად შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი
ასე გამოიყურება: 2017 წელს დასაქმდა – 103 შშმ პირი, 2018 – 99, 2019 – 98, 2020 – 37 , 2021 – 115 შშმ პირი – ანუ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 452 ადამიანი, რაც სახალხო დამცველის შეფასებით უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია.
„დინამიკაში არ იზრდება შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა დასაქმების კუთხით არის გასაუმჯობესებელი, გარკვეული ცვლილებებია მათში შესატანი, რომ შშმ პირთა დასაქმება რეალური და ხელშესახები გახდეს“ – აცხადებს ნინო ვალიკოვი, სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
როგორც სახალხო დამცველი, ასევე სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე გარკვეული დადებითი ცვლილებები განხორციელდა, თუმცა მათი შეფასებით ეს ცვლილებები, ჯერჯერობით შშმ პირთა უფლებების მდგომარეობაზე არ ასახულა.
გიორგი ბოლქვაძე