მთავარი საქართველო მოქალაქეებს სესხები კიდევ ერთი თვე არ გაუძვირდებათ

მოქალაქეებს სესხები კიდევ ერთი თვე არ გაუძვირდებათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების დონეზე დამოკიდებული სესხების, მაგალითად იპოთეკური სესხის პროცენტი, მოქალაქეებს უცვლელად რჩებათ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ამის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციაა, რომელიც ამჟამად 11,5%-ს შეადგენს. თავის მხრივ ორნიშნა ინფლაცია ცუდ გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებრო ხარჯებზე. ამის მთავარ მიზეზად კობა გვენეტაძე მსოფლიოში რთულად პროგნოზირებად ვითარებას ასახელებს. მისივე თქმით, იცის რომ მაღალი ინფლაცია და არსებული საბანკო პროცენტები რიგით მოქალაქეებს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ამყოფებს. თუმცა, მისი განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის მაღალი ზღვარი, ოპერატიული ბერკეტია ცენტრალური ბანკის ხელში, რომ ვითარება უფრო არ დამძიმდეს.

„საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და სექტემბერში წლიური 11.5 პროცენტი შეადგინა. ბოლო დროს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება – პროდუქტების ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება. მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც ინფლაციას შეამცირებს. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. გვესმის, რომ ეს მოსახლეობისთვის შეღავათი არ არის, თუმცა ამ ვითარებაში ეს საუკეთესო გზაა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ჩვენს მიერ გამოკითხული ეკონომისტები ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების ნაწილში, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი ვითარების შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ISET კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის რთულია სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასების ფონზე, საბანკო სესხებზეც მაღალი პროცენტების გადახდა, თუმცა, გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე რყევების გამო, ეროვნული ბანკი შესაბამის ბერკეტებს იყენებს.

„რადგან არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გვაქვს გაურკვევლობა და არ ვიცით, ეს ფაქტორები კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, ვგულისხმობ ომით გამოწვეულ ცვლილებებს, შეიძლება ამ ეტაპზე თავი შეიკავა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისგან. მაგრამ, როგორც კი გამოჩნდება, რომ სიტუაცია მყარდება, მან დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს პოლიტიკას, რადგან მაღალი განაკვეთი მსესხებლებს ეკონომიკურად ძლიერ აწვება. ამას დამატებული მაღალი ინფლაცია და გაზრდილი ფასები, კიდევ უფრო ართულებს ცხოვრებას. ორი დაწოლა, ერთის მხრივ მაღალი ინფლაცია და სესხებზე მაღალი პროცენტები, განსაკუთრებით რთულია დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი უფრო მოწყვლადნი ხდებიან არსებული სირთულეების მიმართ. ეს არის ზუსტად ფასი, რასაც ინფლაციის და ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერისთვის ვიხდით“, – განაცხადა დავით კეშელავამ.

საქართველოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები, ის, რაც მთავარ გავლენას ახდენს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასე გამოიყურება – უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი – 11.0%, ეკონომიკური ზრდა წლიურ ჭრილში – 10,3%  და წლიური ინფლაცია – 11,5%. მოქალაქეების ინტერესის შესაბამისად არსებულ კითხვაზე – თუ როდის გაიაფდება ცხოვრება – ეროვნულ ბანკს ბუნდოვანი პროგნოზი აქვს. თუმცა, კობა გვენეტაძე ვითარების გაუმჯობესებას მომდევნო წლიდან ვარაუდობს. ეს კი გლობალურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
სესხებისესხები

Send this to a friend