უკრაინაში ინტერვენციისას განცდილი კატასტროფული დანაკარგის ფონზე კრემლი სამხედრო წარმოების გაზრდას ცდილობს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ერთ-ერთ სამხედრო საწარმოს ეწვია. მისი თქმით, დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსკოვს სამხედრო რესურსი ელევა, სიცრუეა.
ამ ფონზე კი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ვაშინგტონს აცნობა, რომ ყოველწლიური ბირთვული სამხედრო მანევრების ჩატარებას აპირებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ამცირებს მხარეთა შორის გაუგებრობის რისკს. კრემლში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინა ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის შექმნას გეგმავს. „ბინძური ბომბი“ კონვენციური და რადიოაქტიური შეიარაღების ნარევია, რომლის დეტონაციასაც ძირითადად ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება და რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით, არ წარმოადგენს იმავე მასშტაბის საფრთხეს, როგორსაც ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღი.
ადრიატიკის ზღვაში კი ნატოს სამხედრო მანევრები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ავიამზიდის სამხედრო პერსონალი აცხადებს, რომ ისინი რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან, მაგრამ მათი უპირველესი მიზანი ესკალაციის თავიდან აცილებაა.
ნატოს სამხედრო მანევრებში 80-ზე მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი, 14 სამხედრო საზღვაო ხომალდი და ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოს 6 ათასი სამხედრო მონაწილეობს. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც სამხედრო მანევრებს ესწრება, აცხადებს, რომ ეს წვრთნები ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია და დასტურია იმისა, რომ ალიანსი მზად არის, დაიცვას წევრი სახელმწიფოების ტერიტორია.
„პრეზიდენტ პუტინის ბირთვული რიტორიკა უპასუხისმგებლო და საშიშია. უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება კონფლიქტის ხასიათს ფუნდამენტურად შეცვლის. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ასეთი ომი არ უნდა დაიწყოს. კრემლში ისიც იციან, რომ მათ პასუხი მოეთხოვებათ. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვი ბირთვული შეიარაღების გამოყენებისათვის ემზადება, მაგრამ ვითარებას ვაკვირდებით. ჩვენ მზად ვართ. მთავარი ამ ეტაპზე რუსეთის დარწმუნებაა, რომ რუსული ბირთვული იარაღის გამოყენება არ ღირს“, – განცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ჯო ბაიდენის განცხადებით, კრემლის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება დიდი შეცდომა იქნება.
„მე ბევრი ვისაუბრე დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კრემლი ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მე ვერ დაგპირდებით, რომ კრემლი ამ შეცდომას არ დაუშვებს. არ ვიცი, მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნება“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
ე.წ. ბინძურ ბომბთან და ზოგადად ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით კრემლში გაკეთებული განცხადებები განიხილეს პენტაგონშიც.
„ჩვენმა ხელისუფლებამ მოსკოვს საკმაოდ გასაგებ ენაზე აუწყა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ტონი მიუღებელია. ბირთვული იარაღით მუქარა, ბრალდებები, თითქოს უკრაინა ე.წ. ბინძურ ბომბს ამზადებს, შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ამ რიტორიკას ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამის შესახებ ჩვენი ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადა“, – ამბობს გენერალი პეტ რაიდერი, პენტაგონის პრესმდივანი.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ხშირად საუბრობს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. დასავლეთში ეჭვობენ, რომ უკრაინაში წარუმატებელი სამხედრო კამპანიის ფონზე მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს.