მთავარი საქართველო საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო

25 ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად, კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პირველ დღეს სამ კანდიდატს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

დეპუტატებმა სამივესგან სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ინდივიდუალური ხედვა მოისმინეს. სამივე კანდიდატს დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ანა აბაშიძე თვლის, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მთავარი იქნება თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში, მიემართება ყველა ადამიანს ვინც უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენს. ასევე, შრომითი უფლებების გაძლიერება და გენდერული თანასწორობა.

კიდევ ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ მისთვის მთავარია ომბუდსმენის ანგარიშებიდან, მწვავე საკითხების მოგვარება. ასევე, ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ამაღლება.

გიორგი ბურჯანაძე თვლის, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა მხოლოდ პოსტი არაა და ეს ინსტიტუცია უამრავი გამოწვევის წინაშეა. ასევე, მისი აზრით, აუცილებელია ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაზეც აქამდეც იყო საუბარი მოქმედი სახალხო დამცველის ანგარიშებში.

ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს უჭერს. აქედან ორ მათგანს – ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს, უკვე მოუსმინეს პარლამენტში. გაცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ოპონენტი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გადაჭრით ფავორიტი კანდიდატი ჯერ არ ჰყავთ.

„იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი მხარს ვუწერთ არასამთავრობოების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს, ყველა მათგანთან გვექნება კონკრეტული კითხვები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გვაინტერესებს, ქვეყნის წინაშე არსებულ უმწვავეს საკითხებზე მათი ხედვები. მაგალითად, ფემიციდის უმძიმესი შემთხვევები, უმცირესობათა უფლებები, მოძალადე ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ამის გარდა, მთავარია „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდეს თავის გადაწყვეტილებაში, თუ მას ნამდვილად სურს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, შესაბამისი კანდიდატები არიან“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

მმართველი გუნდი ჩამოყალიბებამდე აპირებს, რომ ყველა კანდიდატს ყურადღებით მოუსმინოს და ვერდიქტი შემდეგ გამოიტანოს – ამბობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი კანდიდატი იქნება მათგან მხარდაჭერის მიმღები.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე. ყველა კანდიდატს აქვს თანაბარი შესაძლებლობა გაგვაცნობს საკუთარი ხედვა ამ პოსტზე არჩევამდე. მიზანი არის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლილი, მიუკერძოებელი და ობიექტური სახალხო დამცველი. ჩვენ არ გვინდა, რომ ომბუდსმენი ემსახურებოდეს კონკრეტულ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“. არამედ ის უნდა იყოს ყველას სახალხო დამცველი. ვნახოთ, მოვუსმენთ ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

19 კანდიდატის მოსმენა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებზე 29 ოქტომბერს დასრულდება. ამის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის არჩევის შემდეგი პროცესი დაიწყება. ხელისუფლების კონტროლისგან დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება, ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირისგან, რაზეც  დამოკიდებულია საქართველოს უახლესი ევროპული მომავალი.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04

Send this to a friend