მთავარი საქართველო გზავნილი ვაშინგტონიდან და შეფასებები საქართველოში

გზავნილი ვაშინგტონიდან და შეფასებები საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი საქართველოს მთავრობას რეფორმების შეფერხებისა და დაგვიანებისთვის აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ პროცესმა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია. ის მოუწდებს საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი.

„ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს უკრაინელ პარტნიორებთან, მათ მიერ დაწესებულ სანქციებზე მათ შეეძლებათ საუბარი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ წამოყენებული რეფორმების შესრულებისთვის. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან იმ გზაზე, რომელიც ქვეყანას აქვს არჩეული. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც გვესმის ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის რიგი წარმომადგენლებისგან. შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. მეტიც, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც აქვს საზოგადოებას, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ქვეყანაში

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ყველაზე უფრო ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი – ეს არის: ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები. შესაბამისად, თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი და უმაღლესი წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც აქვს საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს და კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ, ასე თუ გააგრძელებს „ქართული ოცნება“, ვერ მიიღებს“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდში კი კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

„ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ შეესაღებინათ საზოგადოებისთვის, როგორც სიმართლე, რომ აშშ-სგან გაწყრომას, ზურგის შექცევას ელოდა საქართველოს მხარე, ეს რიტორიკა სილაგაწნული აღმოჩნდა ნედ პრაისის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და ბუნებრივია, თანამშრომლობა გვაქვს აშშ-სთან და არავითარი საფუძველი ოპოზიციის ამ რიტორიკას, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ, არ გააჩნდა და ეს მკაფიოდ და ნათლად ითქვა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

ნედ პრაისმა ბოლო დროს არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. მათ შორის ივლისში, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა არ შეესაბამებოდა კომუნიკაციის იმ ფორმას, რომელიც პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
გზავნილიგზავნილი

Send this to a friend