საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იტალიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებები გამართა.
არაფორმალური შეხვედრის დროს ლიდერებმა ევროპაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს – მათ შორის იყო უკრაინის, მიგრაციისა და ენერგოკრიზისის საკითხები. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ ისინი, როგორც ნამდვილი ევროპელები და მეზობელი ქვეყნები, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთად იმუშავებენ.
„ჩვენ ვართ ევროპელები, მეზობლები, მეგობრები. ჩვენ იტალიასთან უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ეს უკვე დაიწყო. იმისთვის, რომ წარმატებას ერთად მივაღწიოთ, საჭიროა დიალოგი. ამასთანავე, აუცილებელია, გვქონდეს ამბიციაც. ეს არის ჩვენი ვალდებულება ხალხისა და ახალგაზრდების წინაშე. ჩვენი პირველი შეხვედრა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მელონიმ, რომელიც იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია, იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჩამოაყალიბა.
არჩევნებში მელონის პარტიამ, რომელსაც ნეოფაშისტური ფესვები აქვს, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა მელონის პარტიამ მთავრობის შესაქმნელად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. მას მთავრობის ჩამოყალიბება ორ მთავარ მემარჯვენე ლიდერთან – მატეო სალვინისა და იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონთან ერთად მოუწია.