მოსამართლეთა მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ხმათა უმრავლესობით არჩევას, მრავალმხრივი შეფასებები მოჰყვა. თავად ლევან მურუსიძე, რომელიც არაერთი ხმაურიანი საქმის ფიგურანტი მოსამართლეა, მიიჩნევს, რომ მის მიმართ წლების განმავლობაში გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. მისივე თქმით, არც სასამართლო სისტემაშია ე.წ. „კლანი“ და ბოლომდე იბრძოლებს მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის.
„არ მოისვენეს, არასამთავრობო სპექტრი იქნებოდა, სხვადასხვა პოლიტიკოსი, თუ ექსპერტები, ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში, ქვეყანაში, მე მაბრალებდნენ, ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, თუ ვინმეს რამე პრეტენზია ექნება, თავად გავცემ პასუხს. ვიბრძოლებ, რათა სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი. ფაქტობრივად, ამ სისტემაში ვარ გაზრდილი და ვიცი ყველა მოსამართლის, სასამართლოს პრობლემები. მათ უნდოდათ, რომ დაუფლებოდნენ სასამართლო სისტემას და ჩემი მოცილების მერე, თავიანთი მოსამართლეები დაენიშნათ და ემართათ სასამართლო. ამას ვერ შევეგუები და თუ ბრძოლა უნდათ, ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
საბჭოს ყოფილი წევრი, ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევით, სასამართლოებში მანკიერი გავლენები მყარად გაგრძელდება.
„მურუსიძე-გვრიტიშვილი-ჩინჩალაძის მითითებით ფუნქციონირებდა აქამდეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო. წლებია ამ უწყებაზე ამ სამ პიროვნებას აქვს მყარი გავლენები და ამით არაფერი შეიცვლება. არც გაძლიერდება და არც შესუსტდება „კლანი“. ამას დამატებული, სასამართლოს „რუხ კარდინალებს“ აქვთ შიში, რომ საბჭოში დამოუკიდებელი კანდიდატები არ მოხვდნენ, ან თუ მაინც აირჩევიან ასეთები, იქ თვითონვე დახვდნენ და ბრძოლა გაუწიონ. ეს არის ნაბიჯი იმისთვის, რომ სასამართლოს დათმობა და დამოუკიდებლობა არ მოხდეს და „კლანი“ ისევ მყარად იყოს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
მართლმსაჯულების მიმართულებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ე.წ. „სასამართლოს კლანის“ მმართველობა პოლიტიკურ გავლენებზე ძლიერია და ეს პირები ამჯერად უფრო ახლოდან შეძლებენ პროცესების მართვას.
„ამ კლანს არ აინტერესებს არც ქვეყნის მომავალი, არც ევროინტეგრაცია, არც პოლიტიკური ბრძანებები. ის უკვე იმდენად გაძლიერდა, რომ სულ ერთია ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია ძალაუფლება შეინარჩუნონ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ამ გაძლიერებაში მათ ხელს უწყობს. ცუდია, ის რაც ხდება სასამართლოს სისტემაში. ეს არ არის რეალური რეფორმა, რომელიც გააჯანსაღებს ამ სისტემას. ისევ ამ პირების გამწესება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვერ ჩაითვლება სწორ რეფორმად. არადა, ეს მოთხოვნა ერთ-ერთია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან“, – ამბობს „საიას“ პროგრამების დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი.
პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან ცვლილებებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი, ძალის დემონსტრირებას ახდენს და ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.
„ყველამ ვიცით, ვინ არის ლევან მურუსიძე, რა რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონეა. მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ, გუშინ იმ თანამდებობებზე მათი არჩევით, უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან ამ სასამართლო სისტემაში, მით მეტი და მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლო სისტემას. სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას. 12 პუნქტში კი გარკვევით ეწერა, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და ამის გატარების გარეშე არავინ იქ არ უნდა დაინიშნოს, მით უფრო ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც გახლავთ ბატონი მურუსიძე. მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ეროვნული მისწრაფებების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და მის გადაწყვეტილებებზე პარლამენტს, არც იურიდიული და არც პოლიტიკური გავლენა არ აქვს.
„გამოწვევები ბუნებრივია არის, მათ შორის, არის ევროპულ სახელმწიფოებშიც, არავის აქვს განცდა, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ როგორც ცას და მიწას შორის ისეთია განსხვავება, დღევანდელ სასამართლოსა და იმ სასამართლოს შორის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. რეფორმები გრძელდება. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს ეს გვარები, მაგრამ დამოუკიდებელია შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო ხელისუფლება, თვითონ არჩიეს ეს ადამიანები, თუ გაქვთ პრეტენზიები მიბრძანდით და ჰკითხეთ. კლანი არის პირდაპირ გეტყვით – არასამთავრობო ორგანიზაციებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.
ალეკო გვეტაძე