მთავარისაქართველოავიამეთვალყურეები საქართველოდან

ავიამეთვალყურეები საქართველოდან

რას აკეთებს ავიამეთვალყურე?

ავია მეთვალყურეს ევალება მფრინავისთვის ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდება ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის მეტეოროლოგიური პირობების, ტურბულენტური ზონებისა და ავიახომალდებს შორის დისტანციის შესახებ. ავიამეთვალყურე პასუხისმგებელია ავიახომალდის მიწაზე უსაფრთხოდ დაშვებასა და აფრენაზე, სწორედ ავიამეთვალყურე გასცემს ნებართვას მიწაზე დაშვებისა და აფრენის შესახებ.

ავიარეისის დროს მეთვალყურეს ფაქტობრივად მფრინავის თვალებისა და ყურის ფუნქცია აქვს, ერთიან საჰაერო სივრცეში, სადაც შესაძლოა ის რამდენიმე რეისს ერთდროულად მართავდეს.

ეს საქმე პასუხისმგებლოსთან ერთად სტრესულიც არის. ამიტომ  ავიამეთვალყურეებს გასახსენებელიც ბევრი აქვთ. სიტუაცია ყველაზე მეტად გაზაფხულსა და შემოდგომაზე რთულდება, ამინდის შესაბამისად…  ერთ-ერთი ავიამეთვალყურე, სერგო ყუფარაძე იხსენებს იმ მომენტს თავისი კარიერიდან, როცა ყველაზე დიდი სტრესი გადაიტანა და საბედნიეროდ ეს ამბავი მშვიდობით დასრულდა.

„დაახლოებით 8 წლის წინ იყო ეს ყველაფერი. თბილისში  საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური  პირობები იყო. ქარი ამოვარდა და მას ერთი კონკრეტული მიმართულება არ ჰქონდა. გვყავდა რამდენიმე მომფრენი საჰაერო ხომალდი. წესით,  საჰაერო ხომალდი უნდა დაფრინდეს და აფრინდეს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით.  მაშინ კი მოგვიწია 2 საჰაერო ხომალდის დასმა ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რადგან ქარმა ტრიალი დაიწყო. რა თქმა უნდა, სტანდარტები დავიცავით, მაგრამ საკმაოდ სტრესული სიტუაცია იყო“, – იხსენებს ავიამეთვალყურე სერგო ყუფარაძე.

კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ამ სიტუაციასთან გამკლავებას, რომ არ ჰქონოდა მრავალწლიანი გამოცდილება ამ პოსტზე, სერგო ყუფარაძე პასუხობს, რომ ყველა ავიამეთვალყურე, პოსტზე დაჯდომამდე მრავალწლიან პრაქტიკას გადის, რაც გარანტიაა იმისა, რომ მეთვალყურე ამ სამუშაოს პირველივე დღიდან, უკვე ძალიან გამოცდილი და კვალიფიციურია. ასე რომ, ამ საქმეში ახალბედები არ არსებობენ.

რა კვალიფიკაცია აქვთ ავიამეთვალყურეებს?

ავიამეთვალყურეობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა,  ამიტომ ეს საქმე  ძვირად ფასობს. თითოეული ავიამეთვალყურის შერჩევასა და მომზადებას დიდი ფინანსური რესურსი და დრო  სჭირდება. საქართველოსი არ არის უნივერსიტეტი, რომელიც ავიამეთვალყურეებს სრულფასოვან ცოდნას მისცემს, ამიტომ, „საქაერონავიგაცია“ ძალიან მკაცრი კონკურსით შერჩეულ კადრებს სასწავლებლად საერთაშორისო, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უშვებს. შემდეგ ისინი მომზადების ხანგრძლივ კურსს გადიან თბილისში, ავიამეთვალყურეთა მომზადების ცენტრში. პირველ დამოუკიდებელ რეისამდე გზა ძალიან ხანგრძლივი და რთულია, ამისთვის მათ წლები სჭირდებათ.

ასევე, ავიამეთვალყურისთვის მნიშვნელოვანი პირობაა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველი მათგანი გარკვეული პერიოდულობით გადის შემოწმებას, რათა მიიღოს მესამე კლასის ჯანმრთელობის ცნობა.

რამდენი ავიამეთვალყურეა საქართველოში?

საქართველოში სულ 114 ადამიანს აქვს ავიამეთვალყურის საერთაშორისო ლიცენზია, მათ შორის მხოლოდ შვიდი ქალია. კოშკურის ავიამეთვალყურე, ნატო ჩუბინიძე ამბობს, რომ ამ სფეროში გენდერული დისბალანსის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა და გარკვეული სტერეოტიპებია. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ბოლო წლებში ეს სტერეოტიპები იმსხვრევა და ამიტომ იმედია აქვს, რომ მალე უფრო მეტ ქალს იხილავს ავიაციაში.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend