კლიმატის კრიზისმა კიდევ უფრო დააჩქარა გერმანიის ტყეებში ხეების გახმობის პროცესი. მაღალმა ტემპერატურამ და გვალვიანმა ზაფხულმა ქერქის ხოჭოს პოპულაციის ზრდას შეუწყო ხელი. 2018 წელს გერმანიაში ნახევარი მილიონი ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა.
ბავარიის ტყის სააგენტოს აგენტი მატიას ლინდიგი ამბობს, რომ ამ ტყეში დიდი რაოდენობით ხმება ხეები. ის, რის შექმნასაც თაობები დასჭირდა, 3 წელიწადში განადგურდა.
გლობალური დათბობა საფრანგეთის ტყეებზეც უარყოფითად აისახა. გვალვისა და მაღალი ტემპერატურის გამო საკმაოდ დიდი ტერიტორია გადახმა, რამაც ასევე ტყის ხანძრების სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. წლევანდელმა ტყის ხანძრებმა 65 000 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა.
ადგილობრივი ნატალი მორლო ამბობს, რომ აქ ყველაფერი გაიჩეხება და აღარაფერი დარჩება. ხეები თავიდან უნდა დაირგოს. მისი აზრით, აქ 40 წლის განმავლობაში არ იქნება ტყე და შეიცვლება ლანდშაფტი. რაც მათმა წინაპრებმა იშრომეს, ყველაფერი გადამწვარია და ეს მისთვის ძალიან სამწუხაროა.
გადამწვარი და გადამხმარი ტყის ნახვა ნამდვილად არ მოგგვრით სიამოვნებას. ამ მიდამოებში 32 000 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბოლო დროს კლიმატური პირობები ტყის ხანძრების გავრცელებას უწყობს ხელს.
კლიმატის კრიზისი განსაკუთრებით ევროპისთვის არის შესამჩნევი. მეცნიერები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ გახშირებული ტყის ხანძრები და ბუნებრივი კატაკლიზმები კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.