რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში – ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის ლიდერმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ვიდრე ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ, არსებობდა საომარი რეჟიმი. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება უკვე რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, კიევის რეჟიმმა უარი თქვა ამ რეგიონების მცხოვრებლების არჩევანის აღიარებაზე და უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებისთვის.
„ნეონაცისტები ღიად იყენებენ ტერორისტულ მეთოდებს: დივერსიას საარსებო ობიექტებში, კლავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – დასძინა პუტინმა.