მთავარისაქართველოსახალხო დამცველის კანდიდატები პოლიტიკოსების წინაშე წარდგებიან

სახალხო დამცველის კანდიდატები პოლიტიკოსების წინაშე წარდგებიან

სანამ საქართევლოს ახალი სახალხო დამცველის ვინაობა გახდება ცნობილი, პარლამენტში დეკემბრამდე  პოლიტიკური განხილვები გაიმართება.

ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს უჭერს მხარს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი კი არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს და კანდიდატების საბოლოოდ წარდგენას ელის.

“ჩვენ კენჭისყრის დროს მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატებს, რომლებიც დასახელდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ასევე იმ წესითაც, რომელიც მოიგონა “ქართულმა ოცნებამ”, ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატები იქნებიან საუკეთესო ამ პოსტზე. რაც შეეხება სხვა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების გადაწყვეტილებას, ვის დაასახელებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება”, – აცხადებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოდან“.

პარტია „მოქალაქეები“ კი აპირებს, რომ კონკურსში მონაწილე ცხრამეტივე კანდიდატი წარადგინოს, რათა პროცესი არ ჩაიშალოს და „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დროებითი წესი – მინიმუმ 7 კანდიდატის წარდგენის შესახებ, არ დაირღვეს.

“ეს დღეები სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრება გვქონდა. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ წარვადგინოთ და საშუალება მივცეთ საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა.

წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია – პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. ყველას უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ“, – განაცხადა დეპუტატმა პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.

„ქართული ოცნება“ პროცესზე პასუხისმგებლობის დიდ წილს ოპოზიციას აკისრებს.

მმართველ პარტიაში კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაჭრით ჯერ არაფერს ამბობენ, თუმცა, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ და ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატების პოლიტიკურად მიუკერძოებლობაზე, მაინც დაეჭვებით საუბრობენ.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც თავად რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს, პროცესის ჩაშლა სურს.

„ჩვენ ვერავის ვერ ავირჩევთ თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება, იმიტომ რომ სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება.

თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო სახალხო დამცველად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს.

მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი განწყობები კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით, მაგრამ არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. გავყვეთ პროცედურას. პროცედურა ითვალისწინებს გასაუბრებას ყველა კანდიდატთან და ამ გასაუბრების შემდეგ ჩვენ საბოლოოდ გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს პოზიციას. მანამდე მოვერიდებით პოზიციის დაფიქსირებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტმა 19 კანდიდატის განცხადება მიიღო.

შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა დროებითმა შემფასებელმა კომისიამ, თითოეული მსურველის დოკუმენტაცია შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა.

ახლა ყველა კანდიდატს დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ. გასაუბრების შემდეგ კი, პოლიტიკურ სუბიექტებს კანდიდატის დასახელება და კენჭისყრაზე წარდგენა მოუწევთ.

სწორედ ამ დროს გადაწყდება, შესრულდება თუ არა ევრორეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სასურველია, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეთანხმებით დასრულდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend