თბილისში რესტორნები, ბარები და კაფეები მუდმივად გადატვირთულია, სუპერმარკეტებში კი გრძელი რიგებია.
„გუშინ სავაჭრო ცენტრში ვიყავი და სულ რუსები შემხვდნენ“, – ამბობს თბილისის მცხოვრები თიკო. მისი თქმით, აქ ყოველი მეორე რუსია.
გვანცაც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა.
„ვფიქრობ, უკვე ძალიან შესამჩნევია. აქამდე თუ მარტო ცენტრში გვხვდებოდნენ, ახლა უკვე ყველა უბანში არიან. გარეთ რომ გამოვდივარ, სულ რუსული საუბარი მესმის“, – ამბობს გვანცა.
„თუ აქცენტს დააკვირდები, ესენი მხოლოდ უკრაინელები არ არიან. რუსები უფრო მეტნი არიან და ძირითადად ხალხმრავალ ადგილებში, მაღაზიებში, სუპერმარკეტებში გვხვდებიან“, – ამბობს თამუნა.
რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, რესტორნებზე მოთხოვნა გაზრდილია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ტურისტებთან ერთად ის მრავალი მიგრანტია, რომლებიც 24 თებერვალს, ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში.
„ამან ერთიანობაში დადებითი გავლენა იქონია სარესტორნო სფეროზე. შეიძლება ითქვას, რესტორნებში ადგილის პოვნა რთული იყო. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება“, – ამბობს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.
თუმცა შოთა ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს მონაცემები მხოლოდ პირველი ტალღისას ჩამოსულ მიგრანტებს უკავშირდება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეეგ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს რესტორნის სფეროზე დიდი გავლენა არ მოუხდენიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21-26 სექტემბერის სტატისტიკით, საქართველოში რუსეთიდან 53,000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.
„პირველი ნაკადი არის ძირითადი ნაკადი. ისინი ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივ მომხმარებლებთან ერთად. რაც შეეხება მეორე ნაკადს, მობილიზაციის დროს ჩამოსულ ადამიანებს, ისინი რესტორნებში მათი სარესტორნო სფეროზე სტუმრობა 1 პროცენტსაც არ შეადგენს,“ – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
დუსტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოში სექტემბერში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ, უფრო ხშირად ყოველდღიური მოხმარების სურსათს ყიდულობენ. დისტრიბუტორების თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ტურისტული ნაკადი შედარებით შემცირებული იყო. თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მოთხოვნა ისეთივე მაღალია, როგორიც ტურისტული სეზონისათვის არის დამახასიათებელი.
„პირველადი მოხმარება გაზრდილია იმ ნაკადის კლასიფიკაციიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ის არ არის ისეთი ხელგაშლილი, შესაბამისად, ორიენტირებულია, შეიძინოს მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქცია“, – ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ანალოგიური ვითარება შეიქმნა მაშინაც, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თებერვალში საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა ერთბაშად გაიზარდა და ზოგიერთ პროდუქტზე დეფიციტის პრობლემაც კი გაჩნდა. თუმცა ამჟამად ექსპერტები დეფიციტის საფრთხეს ვერ ხედავენ. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან ტურისტების ჩამოსვლასთან ერთად სურსათის მოხმარებაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.
თორნიკე კოპლატაძე