მთავარისაქართველოპროკურორის არჩევის წესი: დოკუმენტის შინაარსს არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ...

პროკურორის არჩევის წესი: დოკუმენტის შინაარსს არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ იზიარებს

126 ხმა არც ერთის წინააღმდეგ – გენერალური პროკურორის არჩევის წესი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. თუმცა, დოკუმენტის შინაარსს არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ იზიარებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული შენიშვნები აქვთ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ ეს ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პირობაა. ოპოზიციის მეორე ნაწილის აზრით კი, მხარეებმა ერთმანეთის ჯიბრზე მიიღეს ცუდი კანონი.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ, აი, ამ ერთი კონკრეტული ცვლილების მიღებით, მართლმსაჯულებაში არსებული ის უზარმაზარი პრობლემები ვერანაირად ვერ აღმოიფხვრება, რომელიც რეალურად არსებობს“, – აღნიშნა „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

„ცვლილებები მე არ მომწონს და პირველივე დღიდან ვაკრიტიკებდი. ერთმანეთი დააზღვიეს, რომ არ დაბრალდეს ვიღაცას ჩაგდება ანუ, ერთმანეთის ჯიბრზე მიიღეს ცუდი კანონი“, – თქვა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ მხარი დაუჭირეს ერთადერთი არგუმენტით, რომ ამ ცვლილებას გამართლება ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით.

„პრაქტიკულად, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ევროპის ფარგლებში, არ არის ისეთი მოდელი შემოთავაზებული, არ არსებობს ისეთი რეგულაცია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთადერთი არგუმენტით, რომ ამ ცვლილებას გამართლებას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

დოკუმენტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ არასამთავრობო ორანიზაციებშიც. თუმცა, ამბობენ, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილება კონსენსუსიკენ გადადგმული ნაბიჯია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე არ იქნებოდა გონივრული კვლავ ჩიხური მდგომარეობის შექმნა.

„თავდაპირველად, რატომაც ეს ცვლილებები დაიწყო, ეს ინიცირება მოხდა ევროკავშირის მხრიდან, უფრო სწორად, ევროკავშირმა რეკომენდაცია გასცა შარლ მიშელის დოკუმენტში, თუმცა, ეს ყველაფერი იყო კვლავ ისევ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით, ანუ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სწორედ კონტექსტის შეფასებიდან გამომდინარე, გვირჩიეს ეს ჩიხური მდგომაროებიდან გამოსავალი. ის ფაქტი, რომ ყველა დეპუტატმა მისცა ხმა, სწორედ ამის გამოხატულებაა“, – თქვა დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით. კანონპროექტის მიხედვით, თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენპროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება და ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მოქმედების ვადა იქნება 1 და არა 6 წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend