მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის განხილვის შესახებ პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის განხილვის შესახებ პოლიტიკოსები ეხმაურებიან

რუსეთში მობილიზაცია გრძელდება და ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი გამოექცა პუტინის რეჟიმს საქართველოში.

შსს-ს აგვისტოს შემდეგ სტატისტიკა არ განუახლებია. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის პირობები ლიბერალურია და შესაძლოა მათთვის სავიზო რეჟიმის გადახედვაც. ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს პრეზიდენტის განცხადებას. მეორე ნაწილის აზრით კი, ეს მორალური საკითხია – გაუღებს თუ არა საქართველო კარს იმ ხალხს, რომელსაც არ სურს, გახდეს მკვლელი.

„პირველ რიგში, საზოგადოებაშია შეკითხვები, რაც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს. გაზრდილია სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ქვეყანაში. მე არ ვარ მომხრე, რომ საზღვრები ჩაიკეტოს, არც იმის მომხრე, რომ პანიკა დავთესოთ, მაგრამ არის საკითხი, შეკითხვები და ამაზე უნდა მსჯელობდეს ხელისუფლება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად. კარგია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა, მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, ვიმსჯელოთ ამ საკთხზე“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

„რუსეთთან ეს საგანგებო მდგომარეობა, მე მგონი ეს სხვა რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კარს უღებ თუ არა იმ ხალხს, რომელსაც არ უნდა, გახდეს მკვლელი ან მოკლან. ეს ცალკე მორალური საკითხია, აქ უბრალოდ არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ვიზების საკითხი და ისედაც, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ჩვენმა მოქალაქეებმა იარონ უვიზოდ“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მმართველ პარტიაში ჯერ ვერ ხედავენ იმის საფუძველს, რომ რუსეთთან საქართველოს მიერ ცალმხრივად დაწესებული უვიზო რეჟიმი გადაიხედოს. „ქართულ ოცნებაში:“ მიიჩნევენ, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ინტერესებში შედის, შესაბამისი სამსახურები კი უზრუნველყოფენ, რომ საზღვარზე იყოს ადეკვატური, სამართლებრივი მიმოსვლა.

„ჩვენ გვაქვს სწორედ ისეთი რეჟიმი დაწესებული, რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის მისაღებია, არანაირი პროვოკაცია, არანაირი გამოწვევები არ არის იმ ფილტრაციის სისტემიდან, რაც ახლა გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ ჩვენს საზღვარზე იყოს ადეკვატური, სამართლებრივი მისვლა-მოსვლა. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საფუძველს, რომ გადაიხედოს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება და მოხდა ისეთი რაღაც შემთხვევები, ბუნებრივია, ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთი 700 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთხელ გამართეს აქცია რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend