მთავარი საქართველო საქართველოს პრეზიდენტის მოლდოვაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის მოლდოვაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

პრეზიდენტს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.

საქართველოს პრეზიდენტი კიშინიოვში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.

დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინიოვის პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.

ფრენები გაიმართება კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend