17 ოქტომბერი, 2022 წელი. ომის დაწყებიდან 236-ე დღეს, დილით, კიევის მცხოვრებლები კვლავ საჰაერო განგაშის და აფეთქების ხმამ გააღვიძა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში 4 აფეთქება მოხდა. მოქალაქეები ამ დრომდე თავშესაფრებში რჩებიან. მეხანძრეები კი, დილიდან ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ იმ იმედით, რომ მათ გადაარჩენენ. ამავე იმედით არიან ადგილზე მობილიზებული ექიმებიც.
უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი. ნანგრევებში კი კორპუსის ათეულობით მცხოვრები მოჰყვა. მათგან 18-ის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, 3 კლინიკაშია გადაყვანილი. ნანგრევებში ამ დრომდე რჩება სულ მცირე ორი ადამიანი.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს კიევს სამხრეთიდან. სარაკეტო-საზენიტო ქვედანაყოფებმა და ავიაციამ 9 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხოლო სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სულ მცირე 2 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდო.
დრონები, რომლებითაც ბოლო დროს რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, სავარაუდოდ, ირანშია წარმოებული. ოფიციალურ თეირანში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მოსკოვს შეიარაღებას არ აწვდიან, თუმცა რუსეთში ამ ამბავს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში, აფეთქებების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ცეცხლი წაეკიდა არასაცხოვრებელ შენობებსაც.
უკრაინის ოფიციალური პირები უკვე მერვე თვეა ამბობენ, რომ მათ მეტი თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კიევის ცენტრში დაბომბვის ხმა იშვიათად ისმოდა, რადგან რუსეთის ჯარებმა დედაქალაქის აღება ვერც სამ დღეში და ვერც მომავალი თვეების განმავლობაში ვერ შეძლეს.
დღეს, კიევის მოსახლეობა იხსენებს, როგორ დაფრინავდნენ კიევში, დილის კაშკაშა ცაზე, ე.წ. თვითმკვლელი დრონები, როგორ ამცნობდა მოქალაქეებს აფეთქებების მოახლოებას საჰაერო განგაშის ხმა და როგორ ესროდნენ უკრაინელები დრონებს.
ამ დროს კი უბრალო მოქალაქეები უკვე კარგად ნაცნობი გზით თავშესაფრებისკენ მიიჩქაროდნენ.