მთავარისაქართველოდეოლიგარქიზაცია - უკრაინულად და ქართულად

დეოლიგარქიზაცია – უკრაინულად და ქართულად

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეთორმეტე, დიდი ფულის მქონე პირების პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლენის აკრძალვას გულისხმობს. ამას შესაბამისი ტერმინი – დეოლიგარქიზაცია დაერქვა. ამით, ვიწრო ჯგუფის, ანუ ოლიგარქიული მმართველობა აღმოიფხვრება. ასეთი კანონი მხოლოდ უკრაინაშია მიღებული. ის ძირითადად ოთხი პუნქტისგან შედგება.

საქართველოში, მმართველი პარტია აპირებს, რომ ზუსტად გადმოიტანოს უკრაინული კანონი. ქართულ მოდელშიც პირის ოლიგარქად შეფასების იგივე კრიტერიუმებია მოცემული.

თუ პირი მონაწილეობს პოლიტიკაში, როგორც აქტორი ან დამფინანსებელი;

გავლენები აქვს მედიაზე ან ფლობს მას;

განკარგავს ისეთ მონოპოლიურ ბიზნესს ან ეკონომიკურ ბერკეტს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე;

აქვს მინიმუმ 1 მილიონიანი ქონება ან შემოსავალი.

„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ასეთ პირობებს, მხოლოდ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები აკმაყოფილებენ. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე კი ეს კანონი ვერ გავრცელდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის თქმით, ის პოლიტიკიდან წასულია.

„ბიძინა ივანიშვილს ვერანაიარად ვერ შეეხება ეს კანონი, რადგან ის გასულია ქართული პოლიტიკიდან და საერთოდ პოლიტიკიდან. შესაბამისად, ეს ურტყამს იმ პირებს, ვისაც დღეს აქვთ პოლიტიკური ინტერესი. მაგალითად, დავით კეზერაშვილს. ისინი პირდაპირ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და ფლობენ მედიას. ეს არის მიზეზი, რაც აწუხებს ოპოზიციას. მათ უნდოდათ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მორგებოდა ეს კანონი, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და ახლა საერთოდ არ უნდათ მიღება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

უკრაინული კანონის ზუსტი ასლის საქართველოში მიღებას ოპოზიციის დიდი ნაწილი აპროტესტებს. მათი თქმით, ეს მოთხოვნა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გავლენების შესამცირებლად დაგვიწესა ევროკავშირმა და არა ოპოზიციის,  სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედიის მხარდამჭერი პირების პოლიტიკურად გასანეიტრალებლად.

„ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ფარისევლურად იქცევა. თითქოს, ერთის მხრივ იღებს კანონს უკრაინიდან. ამ დროს არაფერი უკრაინული არ მოსწონს და აკრიტიკებს უკრაინის პოლიტიკას. რატომღაც ეს კანონი მოეწონა და არგებს ქართულ რეალობას პირდაპირი კოპირებით. ამ დროს სიტუაცია აქ სულ სხვანაირადაა, ვიდრე უკრაინაში. დროსა და მოცემულობას სრულად აცდენილია. გამოდის, რომ ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, რაც აბსურდია. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ მიჰყავს ეს ქვეყანა ევროპამდე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე უნდა გავრცელდეს. „ქართულ ოცნებაში“ კი თავიდანვე აცხადებენ, რომ ოლიგარქად ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები შეფასდებიან.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ არცერთი მიდგომაა ქვეყნისთვის გამოსავალი.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე თვლის, რომ თუ ევროკავშირის 11 რეკომენდაცია სწორად შესრულდება, მეთორმეტე – დეოლიგარქიზაცია ავტომატურად მიიღწევა.

დეოლიგარქიზაცია, რაც მოითხოვა ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანაში, რეალისტურად მხოლოდ შეიძლება მოხდეს 12-დან იმ დანარჩენი 11 პუნქტის სწორად შესრულებით. ეს შეუწყობს ოლიგარქიული მმართველობიდან გათავისუფლებას ხელს. ევროკავშირის ამისთვის კანონის მიღება არ მოუთხოვია ჩვენთვის. ამიტომ ტყუილია, თუ ვინმე ამბობს, რომ კანონით მოხდება ოლიგარქის მიერ მართულ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია. უკრაინული კანონის ქართულ რეალობაზე მორგება არ არის ლოგიკური და ამას მარტივი მიზეზი აქვს. უკრაინაში ოლიგარქი არ მართავს. ამიტომ, იქ, სადაც ოლიგარქი არ არის მმართველობაში, იქ შეიძლება მსგავსი კანონის მიღება პრევენციისთვის. აქ, ასეთი კანონის მიღება ამ ვითარებაში, იქნება ინსტრუმენტად გამოყენებული, რათა გაანეიტრალოს მოწინააღმდეგე აზრი პოლიტიკასა და მედიაში“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში ამა თუ იმ პირს ოლიგარქად აღიარებამდე, რამდენიმე უწყება აფასებს. საქართველოში კი შესაძლოა პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი კომისია. თუმცა, ჯერ კანონია მისაღები, რაზეც დიდად არც „ქართულ ოცნებაში“ და არც ოპოზიციაში არავინ ჩქარობს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend