მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ყოველდღიურად შვიდი ექიმი ტოვებს სამსახურს

იტალიაში ყოველდღიურად შვიდი ექიმი ტოვებს სამსახურს

იტალიაში ყოველდღიურად 7 სასწრაფო დახმარების ექიმი ტოვებს სამსახურს.

რთული სამუშაო პირობები, არასწორი მენეჯმენტი, ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება – ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ექიმები სამსახურიდან მიდიან. სამწუხაროდ, ეს სფერო აღარც ახალგაზრდა ექიმებისთვისაა მიმზიდველი. ადრე საავადმყოფოში მუშაობა ახალგაზრდა ექიმებისთვის უნიკალური პრაქტიკა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა იყო.

„გასული წლის მსგავსად, წელსაც გადაუდებელ მედიცინაში პოზიციების 50% ვაკანტური დარჩა. ბევრმა, ვინც ამ პოზიციებზე იყო, საბოლოოდ გადაწყვიტა წასვლა. ამ პირობებში გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი მალე ძნელად მოსაძებნი იქნება,“ – ამბობს საავადმყოფოს ექიმთა კავშირის მდივანი პიერინო დი სილვერიო.

დაივიწყეთ სერიალები, როგორებიცაა ER ან „გრეის ანატომია“. იტალიაში სასწრაფო დახმარების განყოფილებებში სულ სხვა რეალობაა. ახალგაზრდა ექიმებს სხვაგან წასვლა სურთ: სხვა საავადმყოფოში, სხვა ქალაქებში ან თუნდაც საზღვარგარეთ, სადაც ისინი იგრძნობენ, რომ მათ, როგორც ექიმებს, შესაბამისად აფასებენ.

პედიატრმა ანჯელა მაურომ, რომელიც ნეაპოლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 4 წელი მუშაობდა, გადაწყვიტა, მილანში გადასულიყო.

„მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების განყოფილება დავტოვე, სტრესი მომეხსნა და კმაყოფილება ვიგრძენი. ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის ხარისხი მთლიანად შეიცვალა. ახლა მე შემიძლია ჩემი პაციენტები სრულფასოვნად გამოვიკვლიო და ვუმკურნალო. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ექიმმა კმაყოფილება იგრძნოს”, – ამბობს პედიატრი ანჯელა მაურო.

სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ხშირად სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ისეთი ადამიანები მიდიან, რომელთაც მხოლოდ დაბალი სიცხე ან სხვა მსუბუქი პრობლემები აქვთ.

„სასწრაფო დახმარების განყოფილება რეალურ და გადაუდებელ სიტუაციებს უნდა უმკლავდებოდეს. სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებს, მძიმე მდგომარეობებს, რომლებსაც ოჯახის ექიმები ვერ მკურნალობენ. სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია ექიმების უკმაყოფილებისა,“ – ამბობს ანჯელა მაურო.

არასაკმარის ანაზღაურებასთან ერთად, ექიმები იმასაც განიცდიან, რომ პროფესიული თვალსაზრისით, შესაბამისი დაფასება არ აქვთ. ამას Covid-თან დაკავშირებული პრობლემაც დაემატა, რადგან ისინი პირად ცხოვრებასა და სამუშაო გრაფიკს ვეღარ უთავსებდნენ ერთმანეთს.

„თითოეული ექიმის უკან დგას ადამიანი. დღეს აღარ გვაქვს დრო ოჯახის წევრებისთვის: მამისთვის, დედისთვის, შვილისა და მეგობრებისთვის. სამუშაო საათების დადგენილი ნორმა ირღვევა: წესით კვირაში 38 საათი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ბოლო გამოკითხვით გამოჩნდა, რომ ექიმები კვირაში საშუალოდ 65 საათს მუშაობენ“, – განაცხადა საავადმყოფოს ექიმთა კავშირის მდივანმა პიერინო დი სილვერინომ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend