რუსული ჯარების განდევნიდან ერთი კვირის შემდეგ ხერსონის რეგიონში მდებარე ქალაქის ველიკა-ოლექსანდრივკის მკვიდრნი იმ გამოცდილებაზე საუბრობენ, რომელიც ოკუპაციის პირობებში მიიღეს. დაბა რუსებს 7 თვის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული.
დეოკუპირებული დასახლება თითქმის მთლიანად დანგრეულია. ადგილობრივი ოლექსანდრ სოლტანი ამბობს, რომ ოკუპაციისას ყველაზე რთული ფიზიკური საფრთხე და ფსიქოლოგიური წნეხი იყო. მას მუდმივად იმის ეშინოდა, რომ ოკუპანტი არმიის სამხედროები ერთ დღეს მასაც მიაკითხავდნენ სახლში. რუსი ჯარისკაცები ამ დასახლებაში მცხოვრებ მამაკაცებს იტაცებდნენ, რათა მათგან უკრაინული არმიის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
“უპირველესი საფრთხე ფიზიკური იყო, მეორე კი – ფსიქოლოგიური. ხშირი იყო დაბომბვა, ყუმბარის ნამსხვრევები ყველგან ცვიოდა, ზოგჯერ მთლიანად ინგრეოდა შენობები და ვერსად დაიმალებოდი. შემდეგ იწყებ ფიქრს, რა სჯობს, სარაკეტო თავდასხმას გადაურჩე, თუ რუსი სამხედროების ე.წ. სტუმრობას შენთან სახლში“, – იხსენებს ადგილობრივი ოლექსანდრ სოლტანი.
სოლტანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და განათლებისა და კულტურის მიმართულებით მუშაობდა. ერთ დღეს კი ის რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და ორ სხვა ადამიანთან ერთად, უკრაინული ჯარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ. როდესაც მიხვდნენ, რომ გატაცებულებმა არაფერი იცოდნენ, სოლტანი გაათავისუფლეს, დანარჩენი ორის ბედი კი უცნობია.
“მე ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ მეშინია, როგორც ხედავთ, ომი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ისმის სროლისა და დაბომბვის ხმა. საბედნიეროდ, ამჯერად რუსებს ესვრიან, მაგრამ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, შესაბამისად, მოდუნების საშუალება არ გვაქვს“, – ამბობს ოლექსანდრი.
აგვისტოში ტატიანა პატსუკის ეზოში აფეთქება მოხდა, ის გარეთ გამოვიდა, რომ ენახა, დაშავდა თუ არა ვინმე. როდესაც სახლში შებრუნდა, რამდენიმე წუთში მის სახლსაც დაეცა ჭურვი. სახლი თითქმის დაინგრა, მაგრამ, საბედნიეროდ, 72 წლის ქალბატონი გადარჩა.
“ეს საშინელებაა, ერთი თვეა ვტირი, ჯერ კიდევ შოკირებული ვარ. მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერი დავკარგე. 72 წლის ვარ, აღარაფერი შემრჩა, არც ტანსაცმელი, არაფერი“, – გვიყვება ადგილობრივი ტატიანა პატსუკი.
ტატიანას ოჯახის წევრებმა დასახლება მარტში, ოკუპაციის დაწყებიდან მალევე, დატოვეს, მაგრამ ტატიანამ დარჩენა ამჯობინა, მან ვერ მიატოვა სახლ-კარი, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აშენებდა. მას ვერ ომის საფრთხე მის მშობლიურ მხარესაც დაემუქრებოდა.
“არ დარჩა სახლი, რომელიც რუსებს არ დაუზიანებიათ, ყველაფერი მოსპეს. ეს კატასტროფაა, სრული კატასტროფა. ერთი მშვიდობიანი დღეც კი არ გვქონია. მუდამ ვიმალებოდით და მხოლოდ მაშინ ვბედავდით გარეთ გამოსვლას, როდესაც დაბომბვა წყდებოდა“, – იხსენებს ტატიანა.
დასახლებას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი თვეების განმავლობაში არ მიეწოდებოდა, სასმელი წყალი კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა. ის, ვისაც ცოტაოდენი მიწა და ცხოველები ჰყავდა, ფონს გადიოდა, თუმცა უმრავლესობა დახმარების იმედად იყო დარჩენილი.
“მე იმავე მდგომარეობაში ვარ, როგორშიც ყველა დანარჩენი. ოკუპაციის დროს თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობდი. მუდმივად მეშინოდა. ხანშიშესული ვარ და კარგად ვერ ვხედავ. როდესაც რუს სამხედროებს გადავეყრებოდი, მათ არ ვუყურებდი, არ ვიცოდი, რას აპირებდნენ. მათ ხელში იარაღი ჰქონდათ, მე კი – არაფერი“, – იხსენებს ოლექსანდრ მიხალჩენკო.
დეოკუპირებულ დასახლებაში ადგილობრივები აღარ იმალებიან, მაგრამ სროლისა და აფეთქებების ხმა მაინც ისმის. უკრაინული მიწების გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება. ოკუპანტები კი თავდაცვითი ხაზების გამაგრებასა და უკრაინული შეტევის შეჩერებას ცდილობენ.