მთავარიმსოფლიოNATONATO-ს მინისტერიალი გრძელდება

NATO-ს მინისტერიალი გრძელდება

უკვე მეორე დღეა რაც ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა გრძელდება ბრიუსელში. ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები მომავალ კვირას ბირთვული სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავენ.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ეს გადაწყვეტილება მოსდევს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ყველა გზით მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაცვის შესახებ.

ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ამავე დროს აგრძელებენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, ნატოში ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ფედერაციის ბირთვული სამხედრო შენაერთების მოძრაობასაც.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს რომ 15 სახელმწიფო უკვე შეთანხმდა საერთო ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ, გერმანელ მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია თუ რომელ 15 ევროპულ სახელმწიფოზეა საუბარი.

“ჩვენი მიზანია საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემის შექმნა, დღეს ხელი უკვე მოეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვიზიარებთ კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით პასუხისმგებლობას“, – აცხადებს კრისტინ ლამბრეხტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ მოსკოვი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

”იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ამას მძიმე შედეგები მოჰყვება, ეს კარგად იციან თავად კრემლში, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა არხებით მოსკოვს ჩვენი პოზიცია რამდენჯერმე ვაცნობეთ, რუსული მხარის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ჩვენს საპასუხო ნაბიჯთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი იმას რომ ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტის დინამიკა შეიცვლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც ეს დიდი ცვლილებების და მძიმე შედეგების მომტანი იქნება, ეს რუსეთის ფედერაციაში იციან,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მერვე თვეს ალიანსი კიევისათვის სამხედრო დახმარების გაწევას განაგრძობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend