მთავარი საქართველო ქუჩის ცხოველები საქართველოში

ქუჩის ცხოველები საქართველოში

ქუჩაში ხშირად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს. მათი ნაწილი მიატოვეს, ზოგიც კი ქუჩაში დაიბადა. 2022 წელს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, უსახლკარო ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად სახელდება.

ამ თემაზე ხშირადაა საუბარი სოციალურ ქსელებშიც და მრავალი გვერდი არსებობს, რომელიც უსახლკარო ცხოველების დახმარებას ცდილობს. ერთ-ერთია ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი. გვერდს 70 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის 2012 წელს შექმნა ცხოველთა მოყვარულმა თიკო კვალიაშვილმა.

„უნდა ნახო როგორი საშინელებაა, რომ მოგდის ათობით წერილი და ათივე წერილში ძაღლი კვდება, კატა კვდება, დახმარება უნდა და მე იძულებული ვხდები, გამოვარჩიო მეტად და ნაკლებად მძიმე, ეს ჩემთვის უმძიმესია. დიდი წინსვლა გვაქვს ცხოველებთან დამოკიდებულებისა და ზრუნვის მხრივ, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ვგულისხმობ ძალადობას, მიტოვებას, ცემას, უკონტროლო გამრავლებას, ცხოველების ორთაბრძოლას… 259-ე მუხლი, რომელიც რეალურად ცხოველების უფლებებს უნდა იცავდეს, ძალიან სუსტი და უმოქმედოა. თბილისშიც არის პრობლემები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონებშია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გვაქვს, ეს მაინც არ ჰყოფნის ცხოველების პოპულაციის მართვას“, — ამბობს გვერდ “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის” შემქმნელი და ორგანიზაცია Animal Rescue Georgia-ს დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თბილისში, შეტყობინებების საფუძველზე ატარებს უსახლკარო ცხოველების სტერილიზაციასა და კასტრაციას. ასევე, ისინი რეაგირებენ აგრესიულ ცხოველებზეც. თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა 7 წლის წინ დათვალეს და მიღებული ინფორმაციით, მაშინ, დაახლოებით 43 000 იყო. სააგენტოში ამბობენ, რომ რაოდენობის ხელახლა დათვლას მომდევნო წელს აპირებენ, მათივე თქმით, შესამუშავებელია მეთოდი, რომელიც ქუჩის ცხოველების რაოდენობას უფრო ზუსტად დაადგენს.

„ეს მასშტაბური ხასიათის პრობლემაა, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო თბილისის მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ძალიან აქტიურად შემოდიან ცხოველები სხვადასხვა რაიონიდან, ასევე, ხშირად პატრონები აგდებენ ქუჩაში ცხოველებს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის რაოდენობის მხრივ. ეს ემატება დედაქალაქს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ოპერაციის რაოდენობები, უკვე ავედით 6 000 ოპერაციამდე, რასაც მომავალი წლისთვის კიდევ მაქსიმალურად გავზრდით. ამასთან ერთად, სააგენტო ჩართულია ახალი კანონპროექტის მიღებაში, რომელიც უფრო გამკაცრებული იქნება. პატრონსაც ექნება ვალდებულება, გაუკეთოს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია, ასევე, საჯარიმო სანქციებიც გაიზრდება, ეს ყველაფერი, კომპლექსურად, უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უპატრონო ცხოველების რაოდენობა“, — აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ არაგველი

ჯერჯერობით კი ქუჩაში კვლავ უამრავი ძაღლია, რომელსაც არც სახლი აქვს, არც თავშესაფარი და ხშირად, არც საკვები.

დავით კეკენაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend