მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის პოტენციურ კანდიდატებად სავარაუდოდ მხოლოდ საქართველო და კოსოვო დარჩებიან

ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატებად სავარაუდოდ მხოლოდ საქართველო და კოსოვო დარჩებიან

თუ  ევროპული საბჭო  ევროკომისიის  რეკომენდაციას გაიზიარებს და ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, მაშინ  პოტენციურ კანდიდატებად  დარჩებიან მხოლოდ საქართველო  და კოსოვო, რომელსაც თბილისი ჯერ ისევ არ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და თვლის სერბეთის ნაწილად.

ევროკომისიის დასკვნის მიუხედავად, ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლოა არ მოხდეს მყისიერად. ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგალითად ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევებში.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ამბობს:   „ყოფილა შემთხვევები, როცა მალევე მომხდარა (ევროკომისიის დასკვნის)  გაზიარება, ყოფილა შემთხვევა როცა დროში გაწელილა, არ გაუზიარებია ან გადავადებულა და ა.შ… ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 27 ქვეყნის ლიდერები. ჩვენ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეწიოთ სხვა ქვეყნებს. ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ისინი ჩვენზე ბევრად უფრო დიდ ხანს იყვნენ  ამ პროცესში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას.  ამისთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება და (ასოცირებული) ტრიოს ფორმატის შენარჩუნება, რომლის შექმნაშიც ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი როლი ითამაშა.  ტრიოს ფორმატი არ უდნა დაიშალოს“.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად 2016 წელს გააკეთა. ქვეყანას 6 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ შეესრულებინა ევროკომისიის მიერ გაცემული 14 რეკომენდაცია.

საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების  პაკეტი 12 პუნქტისგან შედგება. დრო კი ძალიან ცოტაა,  შეფასება ევროკომისიამ მომავალ წელს უნდა დადოს. მკვლევრების თქმით, მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოს ნაბიჯები   მდგრადი იყოს, რადგან  გამოცდილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი  ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისგან მხოლოდ ერთჯერად ქმედებებს  არ ითხოვს.

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველომ შესაძლებლობების ფანჯარა, რაც შეიძლება მალე და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.

„ყველას კარგად ესმის, რომ 6 თვეში თუ ერთ წელიწადში ყველაფერი იდეალურად ვერ შესრულდება, მაგრამ მთავარია ჩანდეს, რომ გარდა განცხადებებისა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნებაც, სურვილიც  და მზადყოფნაც, რომ გადავდგათ სწორი ნაბიჯები  და  ვაჩვენოთ  პოზიტიური დინამიკა. ასეთ შემთხვევაში საქართველო სტატუსს მიიღებს“, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის პროგრესი შეაფასა. ამ ეტაპზე დასავლეთ ბალკანეთში ბოსნიისა და კოსოვოს გარდა ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. თურქეთთან მიმართებაში კი ევროკომისია  ბლოკის გაფართოების საკითხს კვლავ არ განიხილავს.

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე,  თურქეთი ევროპისთვის უდიდეს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს,  თუმცა, ეს არ უშლის ხელს ევროკომისიას,  რომ კრიტიკულად შეაფასოს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა თურქეთში. ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევრობლოკს  არ მოსწონს ანკარის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, თუმცა ამავდროულად აღნიშნულია ის მნიშვნელოვანი როლიც, რაც თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მხრივ შეასრულა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend