ნეიტრალური ქვეყანა ავსტრია ცდილობს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის სხვა ნეიტრალურ ქვეყნებთან – კვიპროსთან, ირლანდიასთან და მალტასთან. კვიპროსელ კოლეგასთან ერთად, ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაზე ისაუბრა.
სკანდინავიის ქვეყნების ნატოში გაწევრების შემდეგ, ევროკავშირის ნეიტრალური წევრების რაოდენობა შემცირდება. ტანერის აზრით, მათ შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეასრულონ უკრაინის ომში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ნეიტრალურ ქვეყნებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ, როცა ამის დრო მოვა, დიპლომატიური დიალოგის შუამავლები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ახლა არა, მაგრამ ეს დროც დადგება“, – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა.
ცოტა ხნის წინ რუსეთმა უარი თქვა ავსტრიის შუამავლობაზე. კრემლში მიაჩნიათ, რომ ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით ავსტრია ზედმეტად პროდასავლური იყო. მიუხედავად ამისა, ნეიტრალიტეტის ექსპერტს ჰაინც გერტნერს მიაჩნია, რომ ავსტრია ახლა ყველაზე კარგ პოზიციაშია.
„ავსტრია, ფაქტობრივად, ერთადერთი ნეიტრალური სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ურთიერთობა სამხრეთის ქვეყნებთან. ასევე მას შეუძლია შეასრულოს განსაკუთრებული როლი და იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მასპინძელი”, – ამბობს ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც გარტნერი.
თუმცა, კონფლიქტის შემთხვევაში ავსტრია თავის დაცვას ვერ შეძლებს. მას ძალიან ცოტა ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც არასაკმარისად არიან მომზადებული. მინისტრი ტანერი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცები საბაზისო სამხედრო წვრთნას ცხრა თვემდე ნებაყოფლობით გააგრძელებენ
„ასობით ახალგაზრდა მამაკაცმა აიღო ვალდებულება, დამატებით სამი თვით დარჩენილიყო ავსტრიის შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა.
მომავალ წელს ავსტრიის არმიის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ახლა გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება არტილერიასა და აღჭურვილობაზე.