მთავარისაქართველოსკოლის მიღმა დარჩენილები

სკოლის მიღმა დარჩენილები

რუსთავის ავტობაზრობამდე არის ერთი გადასახვევი, იქ ბევრი მიტოვებული შენობა. ერთ-ერთში ჯაჯანიძეების ოჯახი ცხოვრობს. მათ სახლს მისამართი არ აქვს, არც კარს აქვს ჩამკეტი. სახლში ცხრანი ცხოვრობენ. მათგან 6 არასრულწლოვანია.

მოზარდებს შორის ერთ-ერთი მურმან ჯაჯანიძეა – 16 წლის. მას შარშან სკოლაში საერთოდ არ უვლია. არც წელს უნდოდა, თუმცა დედის თხოვნით გუშინ, 11 ოქტომბერს სკოლას, სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, დაუბრუნდა.

“სკოლაში სიარული იმიტომ არ მინდა, რომ სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია, იხევა და მერე უკვე მრცხვენია ხოლმე”, – ამბობს 16 წლის მურმან ჯაჯანიძე, სკოლის მოსწავლე.

მურმანის და-ძმა ძირითადად ერთი ზომის ტანსაცმელს ირგებს. ამიტომ მუდამ ერთი და იგივე არ აცვიათ, თუმცა სკოლაში მათაც ბევრი რამ აწუხებთ.

„მე სკოლაში რომ მივდივარ ჩემი კლასელები რაღაცებს ყიდულობენ და მე რომ ვერ ვყიდულობ ჩემს დას სწყინს. მეუბნება ხოლმე მშიაო. მე დედიკოს ვეუბნები, რომ რამე გაგვატანოს, მაგრამ ვერ გვატანს“, – ამბობს მაკა ჯაჯანიძე.

„სკოლაში რომ მიდიან მათ კლასელებს ყველას აქვთ ხურდა ფული ან ისეთი საჭმელი, რომელსაც შესვენებაზე ჭამენ. ჩემი შვილები კი ყოველთვის ისე მიდიან, რომ არაფერი არ აქვთ.“ – ამბობს თამარ აბესაძე, სოციალურად დაუცველი.

საქართველოს სკოლებში სწავლა თითქმის ერთი თვეა დაიწყო. ზოგიერთი მოზარდი წელს სკოლაში პირველად წავიდა, ზოგიც არდადეგების შემდეგ სწავლას დაუბრუნდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სასკოლო ასაკი აქვს, თუმცა სკოლაში არ დადის. ასეთი დღეს ქვეყანაში 5 ათასზე მეტი ბავშვია. მათ შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. უფრო კონკრეტულად კი უწყებაში ამბობენ, რომ 4 362 ბავშვიდან უმეტესი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე კი მათ შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს. ნაწილს საერთოდ არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ზოგიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

6 შვილის დედა, თამარ აბესაძე ყოველდღე, აი, მაშინ, როდესაც შვილებს სკოლაში უშვებს, ნაგავსაყრელზე მიდის და რკინებს ეძებს. შემდეგ კი ცდილობს, ჯართის ჩაბარებიდან მიღებული ფულით შვილებს დღეში ერთხელ მაინც აჭამოს. სოციალური დახმარება 3 თვით შეუჩერეს, ამიტომ სხვების მიერ გადაყრილი ნივთები ახლა მათი ერთადერთი იმედია.

„ადრე ჭიათურაშვი ვცხოვრობდით და მაღაროში მუშაობდა ჩემი მეუღლე. ჰქონდა იმდენი ხელფასი რომ ბავშვებს არაფერი მოკლებოდათ. შემდეგ შემცირებაში მოხვდა და ჩვენი ცხოვრება აირია. ჩემი ქმარი ხელოსანი იყო და წამოვედით თბილისში. ჯერ მხოლოდ ჩვენ ორნი. შემდეგ უკვე ბავშვებიც გადმოვიყვანეთ. 2017 წლის 15 სექტემბერი იყო, და ბავშვები ვერ მივიყვანეთ სკოლაში. ვერაფერი ვერ ვუყიდეთ, არაფერი გვქოდა. საღამოს ჩემი მეუღლე ჩამომხრჩვალი ვნახეთ. უფროსმა ბიჭმა იპოვა და თავისი ხელით ჩამოხსნა. ამის შემდეგ ბავშვებსაც ნერვოზი ჩამოუყალიბდათ. ერთ-ერთი დღემდე ფსიქიატრთან დამყავს“, – ამბობს თამარ აბესაძე, სოციალურად დაუცველი.

2017 წლის შემდეგ ჯაჯანიძეების ოჯახისთვის 15 სექტემბერი სკოლის დაწყებასთან აღარ ასოცირდება და ეს დღე მათთვის განსაკუთრებით რთულია. ახლობლები და უცნობი ადამიანები მათ ბევრჯერ დაეხმარნენ სხვადასხვა პროდუქტითა თუ ტანსაცმლით, თუმცა ეს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს ამ ოჯახის ყოველდღიურობას, შემდეგ კი ცხოვრება ჩვეულ რითმს უბრუნდება.

მათ სახლს მისამართი არ აქვს. არც  კარს აქვს ჩამკეტი. ჯაჯანიძეების სახლიდან გემრიელი კერძის სურნელი თითქმის არასდროს გამოდის. ტანსაცმელიც ყოველთვის ძალიან ცოტაა და არის კიდევ უამრავი პრობლემა. თუმცა, ეს სახლი სავსეა ოცნებებით…

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend