მთავარისაქართველოსაერთაშორისო კონფერენცია: "საქპატენტის" 30 წლის იუბილე

საერთაშორისო კონფერენცია: “საქპატენტის” 30 წლის იუბილე

დაარსებიდან 30 წლის იუბილე „საქპატენტმა“ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნა. ამ შეხვედრაზე ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ მხრივ კი „საქპეტინტის“ როლს, როგორც უწყებას, რომელიც კონკურენციის ერთ-ერთი გარანტია ქვეყანაში, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი. „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ თქვა, რომ ჯანსაღი ეკონომიკური კონკურენციისთვის, მათი უწყების საქმიანობას გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი როლი მაინც აქვს.

„ინტელექტუალური საკუთრების უწყება და საქპატენტი ახორციელებს განსაზღვრულ პოლიტიკას, რათა ამ მიმართულებით განვავითაროთ დაცულობა და უსაფრთხოება. ვუზრუნველყოთ ბიზნესი და მოქალაქეები მეტი შეთავაზებებით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინოვაციების წახალისებისთვის და ზოგადად პროგრესისთვის. ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. ამიტომ, ჩვენი უწყება და მომიჯნავე ორგანიზაციები ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამ საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე, მიღწევებთან ერთად გამოწვევებზეც გვექნება საუბარი და ამ მხრივ, უცხოელი პარტნიორების გამოცდილებასაც გავიზიარებთ“, – განაცხადა მანანა ფრუიძემ.

ღონისძიებას მხარი დაუჭირა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO). ხელმძღვანელმა დარენ ტანგმა თქვა, რომ საქართველოსთან ამ მხრივ ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვთ.

„ამ ღონისძიებაზე დასწრებამდე, საქართველოში არაერთი მიმართულებით მქონდა შეხვედრები. მათ შორის შევხვდი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლებს და სხვა მსგავსი ტიპის ინოვატორულ ორგანიზაციებს. საქართველო პროგრესის კარგ რელსებზე დგას. შესაბამისად „საქპატენტის“ და ნებისმიერი სხვა ისეთი უწყების საქმიანობა, რომელიც კონკურენციის პირობების გაუმჯობესებას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უზრუნველყოფს, უაღრესად მნიშვნელოვანია. „საქპატენტთან“ არაერთი წლის განმავლობაში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს და გვიხარია, რომ 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით მასპინძლობს“, – განაცხადა დარენ ტანგმა.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ბიზნეს-სამეწარმეო თუ ინტელექტუალური ღირებულებითი საქმიანობისას, საკუთარი ბრენდისა თუ ნიშის დაპატენტება, მეტი კონკურენციისა და დაცულობისთვის მნიშვნელოვანია. საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და მას არაერთი უცხოური ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend