მთავარი მსოფლიო ევროპა ირლანდიური ცეკვის მასწავლებლების ნაწილს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

ირლანდიური ცეკვის მასწავლებლების ნაწილს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

ირლანდიური კულტურის ნაწილი, ცეკვა მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. თუმცა ირლანდიური ცეკვების ორგანიზაცია სკანდალში გაეხვია. ჟურნალისტის ელენ კოინის ინფორმაციით, სხვადასხვა კონკურსის ჟიურის წევრები მონაწილეებისგან მაღალი შეფასების სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას ითხოვდნენ.

„არსებობს ბრალდებები, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ, ძველ და პრესტიჟულ ირლანდიური ცეკვის ორგანიზაციაში ათობით მასწავლებელია, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს მაქსიმალურ შეფასებას არა მათი ცეკვის გამო, არამედ მასწავლებლებთან ურთიერთობის გამო უწერდნენ”, – ამბობს Irish Independent-ის ჟურნალისტი ელენ კოინი.

ინფორმაციამ იმ ქვეყნებამდე ჩააღწია, სადაც დიდია ირლანდიური დიასპორა. სკანდალმა ბევრი კითხვა გააჩინა. შეირყა ირლანდიური ცეკვის სამყაროს რეპუტაცია და შესაძლოა, მისდამი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში შეიცვალოს.

„ირლანდიისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია, მათ შორის გლობალურ კონტექსტში. აქ არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომლებიც კონკურსების კორუფციულ გარიგებას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავინახოთ კონკრეტული ქმედებები, რომ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და შვილები, რომლებმაც ცეკვისთვის ყველაფერი გაიღეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ბავშვები არიან მსხვერპლნი. სწორედ მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ კონკრეტული ზომები უნდა მივიღოთ, რომ ირლანდიური ცეკვების სახელი აღვადგინოთ”, – განაცხადა სენატორმა, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა მარი შერლოკმა.

ირლანდიური ცეკვების ორგანიზაციამ ყოფილი მოსამართლე დაიქირავა, რათა ის ბრალდებები გამოეძიებინა, რომლებიც სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კონკურსებში მაღალი ქულების დაწერას უკავშირდება.

მმართველმა ორგანომ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და ქმედება დაგმო. თუმცა ორგანოში მედიასთან საუბარი არ სურთ. ეს საკითხი ახლა მოსამართლემ უნდა გამოიძიოს და სწორედ ამ გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი, აღიძრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend