„ევრონიუს ჯორჯია“ ესაუბრა ჯონ მაქსველ ჰამილტონს, ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს და განმანათლებელს. იგი 7 გამოცემის ავტორი ან თანაავტორია, ხოლო მისმა ორმა უახლესმა წიგნმა – „მასების მანიპულირება: ვუდრო ვილსონი და ამერიკული პროპაგანდის დაბადება“ და „ ამერიკის საგარეო რეპორტინგის ისტორია“ გოლდსმიტის პრემია მოიპოვა.
ჯონ მაქსველ ჰამილტონის სტატიები ქვეყნდება „ნიუ იოკრ თაიმსში“ , „ვაშინგტონ პოსტში“ „პოლიტიკოში“ და სხვა. ამჟამად იგი არის ლიუზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი.
ჟურნალისტი: ბატონო ჰამილტონ დიდი სიამოვნებაა თქვენი ვიზიტი…
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : დიდი მადლობა, სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა
ჟურნალისტი : ჩემი პირველი კითხვა ეხება თქვენს ბოლო წიგნს, „მასების მანიპულირება : ვიდროუ უილსონი და ამერიკული პროპაგანდის დაბადება“. რა იყო თქვენი მოტივაცია, როცა ამ წიგნის დაწერა გადაწყვიტეთ?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : ჩემი უპირველესი მოტივიც ის არის, რაც ვფიქრობ ყველა ჟურნალისტს ამოძრავებს, ცნობისმოყვარეობა… იმის გაგება თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის რამ, ამ შემთხვევაში კი საუბარია კონკრეტულ ინსტიტუტზე, „საჯარო ინფორმაციის კომიტეტზე“ რომელიც პირველი მსოფლიო ომისას მოქმედებდა. რაც უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიე ამ საკითხთან დაკავშირებით, მივხვდი რომ ეს გაცილებით მეტად ეხება ჩვენს აწმყოს, ვიდრე აქამდე მეგონა, ვინაიდან ყველაფერი რასაც „საჯარო ინფორმაციის კომიტეტი“ აკეთებდა პირველ მსოფლიო ომში, აქტუალურია დღევანდელ დღესაც. ეს წიგნი გახლავთ ერთგვარი გაფრთხილება, ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდის საფრთხეზე.
ჟურნალისტი : არის თუ არა „ფეიკ ნიუსი“ იგივე პროპაგანდა?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : ტერმინი „ფეიკ ნიუსი“ პრობლემატური ტერმინია ვინაიდან რიგ შემთხვევებში ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ინფორმაციის დისკრედიტაციისათვის რომელიც სინამდვილეში დასაბუთებულია. პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იყენებდა ტერმინს „ფეიკ ნიუსი“ სიმართლესთან დაკავშირებით და მისი მიზანი სწორედ ამ ინფორმაციის გაბათილება იყო. არსებობს ასევე ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანამდვილებით „ფეიქ ნიუსია“ და ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს პროპაგანდა. რომ დავუკვირდეთ, ორივე პროპაგანდაა, პრეზიდენტი ტრამპის პასუხიც პროპაგანდაა როდესაც ის საზოგადოებას სიცრუეს სიმართლედ წარუდგენს და მეორე შემთხვევა რომელიც უკვე ვახსენე, საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება იმ მიზნით რომ საერთო აზრის შესაბამისად ჩამოყალიბება მოხდეს.
ჟურნალისტი: წარსულის შესახებ რაც ვიცით დღეს? როგორ გავარჩიოთ ფაქტები და ისტორიკოსებისა თუ ავტორების ინტერპრეტაცია?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : ისტორია ყოველთვის აწმყოზეა ორიენტირებული, როდესაც წარსულის შესახებ წერ, ყოველთვის დღევანდელ მსოფლიოზე ფიქრობ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ფიქრობ. მწერლის საქმე კი წარსულის გაგებაა, წარსულში არსებული ვითარების და კონტექსტის გააზრებაა და მე სწორედ ეს ვცადე. ვეცადე გამეგო თუ როგორ საქმიანობდნენ ადამიანები „საჯარო ინფორმაციის კომიტეტში“, რა ამოძრავებდათ, და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლდათ ის, რომ ამ შემთხვევაში პროპაგანდა ბოროტი ადამიანების მიერ ცუდი მიზნებით გამოყენების მცდელობა არ იყო. ეს იყო კარგი ადამიანების ნახელავი, მათ კეთილი მიზნები ამოძრავებდათ, მაგრამ მათ ვისაც ძალაუფლება ჰქონდა, გადაწყვიტეს რომ უმჯობესი იქნებოდა ხალხს თავიდანვე იმგვარად ეფიქრა როგორც მათ სურდათ – დემოკრატიული პროცესების, ფაქტების გასაჯაროების გვერდის ავლით, ისე, რომ ხალხს შეასძლებლობა არ ჰქნოდა, თვითონ გამოეტანა დასკვნები.
ჟურნალისტი: თქვენ თავად იყავით საერთაშორისო კორესპონდენტი, თქვენი გამოცდილებით, რა არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი: საერთაშორისო ამბების კორესპონდენტს ბევრი სხვადასხვა სამუშაო აქვს ვინაიდან მათ ბევრ საკითხთან უწევთ შეხება – პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ. ჩემი აზრით საერთაშორისო კორესპონდენტის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, საზოგადოების არამხოლოდ ინფორმირება არამედ მათთვის მოვლენათა გამოწვევი მიზეზების გაცნობა. მაგალითად თუ ფლორიდის შტატში მოთოვს, ყველამ კარგად იცის, რომ ეს უცნაური მოვლენაა, ვინაიდან ფლორიდაში არასოდეს თოვს. მაგრამ თუ ვინმე ნიგერიიდან, ჯადოქარ მკურნალებზე იტყობინება, ამერიკელი მაყურებელი ან მკითხველი იფიქრებს და დაიჯერებს რომ ნიგერიაში ყველა (Witch Doctor) შამანებს მიმართავს სამკურნალოდ. თავის მხრივ, ნიგერიაში არსებობენ მკურნალები რომლებიც თავიანთ თავს შამანებს უწოდებენ, მაგრამ მოსახლოების უმრავლესობა მათ ხომ არ მიმართავს საჭიროების შემთხვევაში? აუცილებელია თხრობისას კონტექსტის ჩვენება, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ.
ჟურნალისტი: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკვეთრი პოლარიზაციის მოწმენი ვართ, რა როლს ასრულებს პროპაგანდა ამ თვალსაზრისით ?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : დიდ როლს. სიმართლე გითხრათ, მე მიმაჩნია რომ პროპაგანდა ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. აქ პროპაგანდა გამწევი ძალაა, გნებავთ მთავარი ხელშემწყო, ვინაიდან პოლარიზაციას როგორც წესი რადიკალური შეხედულებები და მარტივი ენა ახასიათებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლარიზაცია ჩნდება მოსახლეობისათვის ომ ინფორმაციის მიწოდებით, რისი მოსმენაც უნდათ, საზოგადოების წევრებს შორის მოტიცავიის შექმნით, რომ რაიმე იღონონ ამ ყალბი ინფორმაციის, გნებავთ დამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ხდება მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ უფრო დეტალურ ხედვას, და ამავე დროს სურვილს რომ არსებობდეს მეორე მხარესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, იმის მაგივრად, რომ დარწმუნებულები ვიყოთ ჩვენი მხარის უპირობო სიმართლეში.
ჟურნალისტი: თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ როგორც ჟურნალისტიკის პედაგოგს, გვითხარით, რა არის ამ პროფესიაში მთავარი?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი: არსებობს უბრალო ტექნიკური მხარე და მე ტერმინი „უბრალოს“ გამოყენებით არ ვცდილობ ამ ასპექტის დაკნინებას, მაგრამ ეს ეხება საკმაოდ ბაზისურ ასპექტს, საჭიროა ადამიანებს ასწავლო წერა, რომ იყვნენ კარგი მოსაუბრეები, რომ შეეძლოთ გამართულად და აზრიანად წერა. თავისთავად არსებობს მეორე მხარეც, უფრო სწორედ კიდევ ორი მხარე, ერთია შეგეძლოს დიდი მოცულობის ნაშრომების დაწერა. ეს ნიშნავს ბევრ მუშაობას, მოვლენების საკუთარ წარმოსახვაში ჩამოყალიბების ნაცვლად, ადგომას, გასვლასა და ფაქტების მოპოვებას. მე ამას ვუწოდებ ნამდვილ ჟურნალისტიკას. სიმართლის ძიებას და ამ ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საჭიროა პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, საზოგადოებისათვის ისეთი აზრის მიწოდება, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდე. ჟურნალისტიკა მხოლოდ კალმის კარგად ფლობა არ არის, კარგად წერა უნდა შეგეძლოს, კარგად საუბარი და იცავდე ეთიკის ნორმების.
ჟურნალისტი: თქვენი აზრით როგორ შეიცვალა ჟურნალისტიკა განვლილი წლების განმავლობაში, რა ახალ ტენდენციებს ხედავთ?
ჯონ მაქსველ ჰამილტონი: ამჟამად არსებული ტენდენციების შესახებ ჩემი აზრი ასეთია: დღეს ჟურნალისტიკას დამახინჯებული ინფორმაციის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. ვგულისხმობ შემდეგს: წარსულში რომ ვინმეს ეთქვა, რომ ჰილარი კლინტონი პიცერიის რესტორანთა ქსელის სახით შენიღბულ პედოფილთა წრეს მართავდა (ასეთი რამ ითქვა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებისას), ამას არავინ გააშუქებდა ვინაიდან ისინი მიხვდებოდნენ რომ ეს სიცრუეა, მაგრამ დღეს ამას გააშუქებდნენ, ამის შესახებ ყველა შეიტყობდა და უკვე ყველას მოუწევდა ამის შესახებ საუბარი. ის ჟურნალისტებიც კი ისაუბრებდნენ, რომლებიც ამ ინფორმაციის სიყალბეს ავლენენ. შედეგად კი ის ვისაც სურს რომ ეს სიმართლე იყოს, იჯერებს რომ ეს მართლაც ასეა. ეს მეტად ართულებს ჟურნალისტის საქმიანობას, ვინაიდან მათ არამარტო ფაქტების მოძიება უწევთ, საჭირო ხდება გავრცელებული პოლიტიკური სიცრუის გაბათილებაც.
ჟურნალისტი: დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, გისურვებთ საუკეთესოს!
ჯონ მაქსველ ჰამილტონი : დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის!