რუსმა სამხედროებმა სამხრეთუკრაინულ ქალაქ ზაპორიჟიაზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. უკვე ორი დღეა, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული მოქალაქეების რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
სარაკეტო შეტევის მთავარი სამიზნე ქალაქ ზაპორიჟიაში სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი შენობა იყო. უკრაინის საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ოკუპანტებმა ზაპორიჟიას 12 ს – 300 ტიპის რაკეტა ესროლეს. ბოლო ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაღუპული.
უკრაინული არმია ბელარუსის სახელმწიფო საზღვართან კი სამხედრო წვრთნებს აწყობს. უკრაინული ჯარების მეთაურობის ინფორმაციით, სამხედრო სწავლების მიზანი საბოტაჟისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობის აღკვეთაა. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, მოსკოვთან ერთად შექმნილი სამხედრო დაჯგუფება უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსდა. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან უკვე მერვე თვეს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც უკრაინის მიერ ბელარუსზე თავდასხმისათვის მზადებას დაადასტურებდა.
“საშიშროება არსებობს, ვინაიდან ბელარუსი რუსეთის ფედერაციის მოკავშირე სახელმწიფოა. ჩვენ ყველა შესაძლო საფრთხეს განვიხილავთ და ვმოქმედებთ, რათა ჩვენმა მტრებმა თავდასხმა ვერ გაბედონ“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი სერჰი ნაევი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე კი განიხილავენ საკითხს, მოუწოდონ თუ არა რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიაზე.
“მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიას ითვისებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის საბაბით და ამავე დროს იმავე მოსახლეობას რაკეტებს უშენს. ნათელია, რომ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი რუსული აგრესიის ნაწილია და პასუხია უკრაინული არმიის წარმატებულ კონტრშეტევაზე“, – მიიჩნევს უკრაინის ელჩი გაეროში სერგი კისლიცია.
გაეროში რუსეთის ფედერაციის ელჩმა კი კიევი ტერორიზმში დაადანაშაულა.
„ყირიმის ხიდზე მოწყობილი საბოტაჟი იმის დასტურია, თუ რა შეუძლია კიევის რეჟიმს. ჩვენ კიევი გავაფრთხილეთ, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩებოდა. როდესაც საბოტაჟს ეწევი, როდესაც ადამიანებს ხოცავ, როგორც ამას კიევის რეჟიმი აკეთებს, მაშინ ზუსტად იმავეს წარმოადგენ, რასაც ტერორისტული ორგანიზაციები. კიევის რეჟიმი და მისი დასავლელი მოკავშირეები ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ომი მანამ გაგრძელდეს, სანამ ბოლო უკრაინელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ.
მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში კი უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. სიდნეიში დაახლოებით ასამდე ადამიანი შეუერთდა პროტესტს. ბუქარესტშიც მოეწყო უკრაინის მხარდამჭერი აქცია.