მთავარისაქართველოგოგონების საერთაშორისო დღე: რა სირთულეების გადალახვა უწევთ გოგონებს საქართველოში

გოგონების საერთაშორისო დღე: რა სირთულეების გადალახვა უწევთ გოგონებს საქართველოში

გოგონათა უფლებების აღიარება და დაცვა, განათლების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების გაზრდა – სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ დღეს, 11 ოქტომბერს ქალთა უფლებადამცველები. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს, რა ბარიერების გადალახვა უწევთ გოგოებს და რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა.

„ძალიან საპასუხისმგებლო დღეა სინამდვილეში. რას ვთავაზობთ ჩვენ ამ ადამიანებს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გოგონები საქართველოში ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ, ჰქონდეთ თანასწორი გარემო და განვითარების შესაძლებლობები. ამ მხრივ, საქართველეოს კიდევ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი და იმედია, შევძლებთ ცოტა უკეთესი ქვეყანა დავახვედროთ ამ ადამიანებს, სანამ ისინი სრულწლოვნები გახდებიან“, – განაცხადა „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონიდან 13-დან 22 წლამდე გოგონები მონაწილეობდნენ. მათ შეეძლოთ „ღია მიკროფონით“ ესარგებლათ, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს თავიანთი ისტორიები, ემოცია, გამოწვევები და გამოცდილება გაუზიარეს.

„აქ ორგანიზაცია „საფარმა“ შეგვკრიბა გოგონები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იმისთვის, რომ ერთმანეთი უფრო გავაძლიეროთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. დღესდღეობით გოგონებს ძალიან ბევრი სტერეოტიპის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა და დღეს უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა, ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და ყველა სტერეოტიპი ერთად უნდა დავამსხვრიოთ“, – თქვა ღონისძიების მონაწილემ, თინათინ მურჯინკელმა.

„განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში, დაახლოებით, 61 მილიონ გოგონას არ აქვს განათლებაზე წვდომა, რაც ძალიან სამწუხაროა. განათლებულ გოგონებს შეუძლიათ, საკუთარი ოცნებები აიხდინონ“, – აღნიშნა ღონისძიების მონაწილემ, მარიანა ხაჩატურიანმა.

წელს მსოფლიო გოგონების საიუბილეო, მე-10 წელს აღნიშნავს. ქალთა უფლებადამცველების თქმით კი იმისათვის, რომ გოგონებმა იცხოვრონ უსაფრთხოდ და ჰქონდეთ თანასწორი გარემო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend