მთავარიმსოფლიოანკარა და ბაქო TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებაზე მუშაობენ

ანკარა და ბაქო TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებაზე მუშაობენ

რეჯებ ტაიპ ერდოღანის დღევანდელი, 11 ოქტომბრის განცხადების მიხედვით,  ანკარამ და ბაქომ უკვე დაიწყეს მუშაობა ტრანს ანატოლიური მილსადენის სიმძლავრის გაორმაგებაზე. ანუ, დღევანდელი 16 მილიონი კუბური მეტრიდან, 32  მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე.

ტრან სანატოლიური მილსადენი  სამხრეთკავკასიური მილსადენის გაგრძელებაა, რომელიც  უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით. შემდეგ  აქ გატარებული  ბუნებრივი აირი ტრანს ადრეატიკული მილსადენით გადის ევროპის ქვეყნებში.

უკვე რამდენიმე წელია ამ გზით გაზი ევროკავშირში გადის, რაც თბილისს საშუალებას აძლევს გატარებული ბუნებრივი აირის 5%   შეღავათიან ფასში შეიძინოს.

„რონდელის ფონდის“  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, პროექტს გაცილებით დიდი პოლიტიკური  დატვირთვა აქვს, მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

„ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ახლა საქართველო კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რადგან რუსეთთან ფაქტობრივად ყველაფერი იკეტება. საქართველოს დერეფანი, როგორც ენერგეტიკული, ასევე სატრანსპორტო –  ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. რამდენადაც გაიზრდება ტვირთბრუნვის მოცულობა, იმდენად გაიზრდება პოლიტიკური სარგებელი საქართველოსთვის“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა და ილჰამ ალიევს გაზის მიწოდების გაზრდაზე მოელაპარაკა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი შეხვდა კოლეგას თურქმენეთიდან. საქმე ის არის, რომ სამხრეთის დერეფნით ევროპას გაზის მიღების გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე იღებს.

თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ ტრანსკასპიური მილსადენით ეს დერეფანი გაზს შუა აზიიდან ევროპისკენ წაიღებდა,  თუმცა, მაშინ ეს პროექტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობის გამო ვერ შედგა. დღეს  ბევრი რამ შეცვლილია, მათ შორის კასპიის ზღვის აუზის გადანაწილების პირობებიც, მაგრამ კონკრეტულად ამ პროექტის (ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის)  განახლებაზე საუბარი ჯერ არ არის.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნაბიჯების გააქტიურებამ შესაძლოა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის აღდგენის შესაძლებლობაც გააჩინოს.

„თურქეთის დიდი პოლიტიკური ჩართულობა უფრო მეტ გარანტიებს იძლევა იმისთვის, რომ ამ პროექტს დაემატოს ცენტრალური აზიის გაზი. როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს რომ ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგება. მეორეს მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ TANAP-ის პროექტის ზრდა ერთიორად ზრდის საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას და ბუნებრივია, ზრდის მისი უსაფრთხოების გარანტიებსაც“, – ამბობს ლაშა ძებისაშვილი.

მკვლევრების აზრით, რაც უფრო მეტი რაოდენობის გაზს გაატარებს ქვეყანა და ამ შემთხვევაში საქართველო, ეს მით უფრო ზრდის მის პოლიტიკურ წონას.  თუმცა, ამ  დერეფნის კიდევ უფრო გაფართოების საკითხი    ევროკავშირის მწვანე გეგმების ფონზე ჯერ ბუნდოვანია. ისიც  ბუნდოვანია, თუ რამდენად დატოვებს ამ დერეფნის განვითარება სარგებლის გარეშე რუსეთს, რადგან დღეის მდგომარეობით, სამხრეთკავკასიური მილსადენის თითქმის 20% რუსული სანქცირებული კომპანიის,  „ლუკოილის“ საკუთრებაა.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend