მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატების რაოდენობა 4-დან 9-მდე გაიზარდა, „ხალხის ძალის“ სახელით შეკრებილმა მამხილებლებმა აშშ-ის საელჩოს მიმართ, მორიგი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნეს. ამჯერად, ელჩი კელი დეგნანი და საელჩო ფინანსურ უსამართლობაში დაადანაშაულეს. ეპისტოლარული ჟანრის მორიგ სერიაში თქვეს, რომ აშშ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უფრო მეტ ფულს ხარჯავდა საქართველოზე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლისთავზე აქვს დახარჯული. მათ ოფიციალური განმარტება მოითხოვეს საელჩოსგან. ამ უკანასკნელმა კი ჭეშმარიტების დამცველი დეპუტატების წინაშე, ანგარიშის ჩაბარების საჭიროება ვერ დაინახა და მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
“როდესაც ქალბატონი ელჩი პასუხს არ სცემს ჩვენს კითხვებს ან თუ სცემს ძალიან ბუნდოვანს, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს არ სცემს ამ პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში – სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ.
რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინონ და მოხმარებას დახმარება აღარ უწოდონ”, – განაცხადა დეპუტატმა და „ხალხის ძალას“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები მათი ნახევრად თანაგუნდელების განცხადებებში ანტიდასავლურს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კითხვებს სვამენ. 9 დეპუტატის ახალი განცხადების შინაარსს ფაქტობრივად ეთანხმება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და აშშ-ის საელჩოსგან საქართველოში „ფულის ხარჯვის“ გამჭვირვალობას ირიბად ითხოვს.
„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ეს უკვე აშშ-ის საელჩოზეა დამოკიდებული, როგორ გამოეხმაურებიან „ხალხის ძალის“ განცხადებას. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აქტივობებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი წესით ისედაც საჯარო უნდა იყოს და ვფიქრობ, არავითარი პრობლემა იმაში, თუ ეს გასაჯაროვდება, არ უნდა იყოს. ეს ორგანიზაციები უნდა საქმიანობდნენ გამჭვირვალედ. „ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი – შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ცხრა დეპუტატის საქმიანობა რუსეთისთვის მაამებლურ და ანტიდასავლურ მიზნებს ემსახურება. ამის გარდა, მათივე თქმით „ქართული ოცნება“ ცდილობს იმ აუთვისებელი ელექტორატის გულის მოგებას, რომლებთაც პრორუსული განწყობები აქვთ.
„ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების” ორგანული ნაწილი, არიან ამ ქვეყნის მოღალატეები – მზად არიან ერთი კაცის მოთხოვნის შესაბამისად წაიკითხონ დაწერილი ტექსტი და ავნონ ქვეყანას. მათი განცხადება, რომ პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის არ მოაქვს სარგებელი ადასტურებს, რომ მოღალატეობრივ განცხადებებთან ერთად, ეს ჯგუფი არის სრულიად უვიცი და არ იცის, რა ხდება ქვეყანაში. პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა არის საჯარო, გამჭვირვალე და ქვეყნის სასარგებლო. გადახედოს ე.წ. განდგომილებმა, სინამდვილეში “ქართული ოცნების” ორგანულმა ნაწილმა, როგორ ხდება ქვეყნის მხარდაჭერა, მეტი დრო დახარჯონ წაკითხვაზე.
ივანიშვილის მიზანია დააშოროს ეს ქვეყანა ევროპულ არჩევანს, ეს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ორჯერ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ჟღერდებოდა ღიად პრორუსული განცხადებები. ასეთი იყო “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც პირდაპირ იყო მხარდაჭერილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჟღერდება ანტიდასავლური განცხადებები “ქართული ოცნების” მხრიდან. ივანიშვილის მიზანია, რომ შეასუსტოს ქვეყანა და დააშოროს ევროპულ მომავალს, ეს არ გამოსვლია არც ერთ ძალას ამ ქვეყანაში და არც “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს გამოუვა“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულ და უმრავლესობის მიერვე მხარდაჭერილი დეპუტატების მთავარ ამოცანას, როგორც თავად ამბობენ, საზოგადოებისათვის სიმართლის იმ დოზით თქმა წარმოადგენს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა ვალდებულების გამო ვერ ახერხებენ. რა იქნება მომდევნო მხილების თემა და როგორ გაგრძელდება კორესპონდენცია დასავლელ პარტნიორებთან, ჯერ უცნობია.
ალეკო გვეტაძე