მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა

ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა

ვლადიმერ პუტინი საკუთარ თავს, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარ გარანტორს, ისე წარმოაჩენს. უკრაინაში წარუმატებელი სამხედრო კამპანიის დაწყებიდან მერვე თვეს 70 წლის ვლადიმერ პუტინი დიდი გამოწვევების წინაშეა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციას 2000 წლიდან მართავს, იმ დროიდან, როდესაც 1999 წლის 31 დეკემბერს მისმა წინამორბედმა, ბორის ელცინმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

ვლადიმერ პუტინი ელცინის მმართველობას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ელცინის მმართველობისას რუსეთის ფედერაციის მილიონობით მოქალაქე გაღარიბდა, დასავლეთთან დაკავშირებული ოლიგარქები კი გამდიდრდნენ.

„ვლადიმერ პუტინი გახლდათ ის ფიგურა, რომელმაც დააკმაყოფილა რუსი ერის მოთხოვნა, რომელიც 90-იან წლებში აქტუალური იყო საზოგადოებაში და გულისხმობდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებულ დამცირებასა და უზარმაზარ ეკონომიკურ გამოწვევებზე პასუხის გაცემას”, – აცხადებს პოლიტიკური კონსულტანტი სტანისლავ ბელკოვსკი.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომელთაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაახლოებით ათი წელიწადი მძიმე ეკონომიკურ პირობებში გაატარეს, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ვლადიმერ პუტინის დაპირებას, რომ დაუბრუნდებოდათ უწინდელი დიდება, სანაცვლოდ კი მათ დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ  ვლადიმერ პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვალი დახუჭეს.

მმართველობის დასაწყისში ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან დაახლოებას ცდილობდა, საუბარი დაიწყო რუსეთის ფედერაციის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ თვალსაზრისით,  გადამწყვეტი მომენტი 2012 წელს დადგა, როდესაც  დიმიტრი მედვედევმა მორჩილად დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა და კვლავ ვლადიმერ პუტინი გახდა ქვეყნის მეთაური.

”2011-2012 წლის ზამთარი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.  ჩვენ გვსურდა, გვქონოდა ღირსეული ცხოვრება და თავიდან აგვეცილებინა კატასტროფა, თუმცა  საპროტესტო გამოსვლების ჩაცხრობამ ჩვენი ბოლო შანსიც გაანადგურა. ჩემი აზრით, 2012 წლიდან დეგრადაციას განვიცდით”, – ამბობს რუსი ჟურნალისტი მიხაილ ზუგარი.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინი პირველად 2014 წელს  შეიჭრა, ორგანიზება გაუწია აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ ძალებს და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.

დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა 2021 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომ არ დაეშვათ უკრაინის ნატოში გაწევრება და ალიანსს უკან დაეხია აღმოსავლეთ ევროპიდან.

დასავლეთის უარის შემდეგ, კი 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო უკრაინაში.

კრემლში აცხადებდნენ, რომ მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და ქვეყნის ნაცისტებისგან გათავისუფლება იყო. ვლადიმერ პუტინს სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ მას უკრაინელი ერის შეუპოვარი წინააღმდეგობა და რთული სამხედრო დაპირისპირება შერჩა ხელთ.

წარუმატებლობის ფონზე ვლადიმერ პუტინი ხშირად საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

„ეს მისი ბოლო ნაბიჯი იქნება, ვინაიდან ეს სუიციდია. ის მზად არის, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ იოსებ სტალინზე უარესი ლიდერის მომსწრენი ვართ“, – მიიჩნევს „კარნეგის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი ანდრეი კოლესნიკოვი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას სერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ ისინი დათმობას არ აპირებენ. უკრაინული არმია კი  წარმატებით აგრძელებს შეტევით სამხედრო ოპერაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend