მთავარისაქართველო"Tvoia Ukraina" ანუ “შენი უკრაინა” - უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრი თბილისში

“Tvoia Ukraina” ანუ “შენი უკრაინა” – უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ცენტრი თბილისში

ცენტრში უკვე მრავალი თვეა საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ტანსაცმელს, საკვებსა თუ სხვა საჭირო ნივთებს აგროვებენ. თავდაპირველად მათ სხვადასხვა სამთავრობო უწყება ეხმარებოდა. ახლა მხოლოდ შემოწირულებების იმედად არიან.

სამუშაო დღეებში, დილის 11 საათიდან შუადღის 4 საათამდე, თბილისში “Tvoia Ukraina”-ს ცენტრს უამრავი უკრაინელი სტუმრობს, ზოგი ბავშვებთან, ზოგიც მოხუცებთან ერთად. არჩევენ ტანსაცმელს, საკვებსა თუ ცხოვრებისთვის აუცილებელ  სხვა ნივთებს. აქ თითქმის ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ლტოლვილებს უკრაინიდან საქართველოში ცხოვრება გაუმარტივონ.

„აი, აქ არის რეგისტრაციის ადგილი. ვამოწმებთ პასპორტის მონაცემებს. მეორე მხარეს კი ბავშვებისთვისაა სივრცე, მათ აქ დარჩენა და სათამაშოს არჩევა შეუძლიათ. ეს კი საინფორმაციო მაგიდაა. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს, თუ სად მდებარეობს ჩვენი საელჩო, სად არის უკრაინული სკოლები ან ის, თუ სად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ჩვენთან უკრაინის ყველა მოქალაქესა და უკრაინაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს შეუძლია მიიღოს ქალისა თუ მამაკაცის, თინეიჯერების, ბავშვებისა თუ ჩვილების ტანსაცმელი. ყველა კატეგორიისთვის მოიძებნება აქ  რამე. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენ შესახებ, რაც უფრო მეტი მოვა და რაც უფრო მეტს დავეხმარებით, მით უკეთესი“, – ამბობს ირინა კვანტალიანი, უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი.

ცენტრში ბევრი ტანსაცმელი, თუმცა ცოტა საკვებია. ხშირად ძალიან მცირე. არის დღეები, როდესაც ლტოლვილებს  საკვებით საერთოდ ვერ ეხმარებიან. ასეთ დღეებში დახმარების იმედით მისული უკრაინელები ცენტრს ცარიელი ჩანთებით ტოვებენ და მშივრები რჩებიან.

„დონეცკის ოლქიდან, მარიუპოლიდან ვარ.  სახლი მე და ჩემმა შვილმა 19 მარტს დავტოვეთ და საქართველოში 10 აპრილს ჩამოვედით. ამ ცენტრში დაახლოებით 10 დღეში ერთხელ მოვდივარ, რადგან ზამთარი მოდის და მე და ჩემს შვილს ტანსაცმელი გვჭირდება. აქ ყოველთვის ვპოულობ ისეთ რამეს, რაც გამომადგება, მაგალითად, სახლისთვის ჩუსტებს. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამ გზით გვეხმარებიან. ჩემთვის ეს არის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი  ცენტრი თბილისში. ვინც ჯერ არ იცის ამ ცენტრის არსებობა, მინდა, ვუთხრა, რომ ეს ცენტრი ავლაბარშია. შეგიძლიათ, სოციალური ქსელების დახმარებით მოძებნოთ… აქ ყველას ეხმარებიან. თუ პატარა ბავშვი გყავთ, აქ აქვთ საფენები თუ სხვა აუცილებელი ნივთები“, – ამბობს ნატალია უზუნი, უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში.

საკვებისა და ტანსაცმლის გარდა, უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგანან. მათთვის მთავარ პრობლემად საცხოვრებლის მოძებნა რჩება.

დღეს უკრაინელებს საქართველოში ძირითადად განთავსების პრობლემა აქვთ. ბინის დაქირავება თბილისში ახლა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე 24 თებერვლამდე იყო. საქართველოს მოქალაქეები გვეხმარებიან და თავიანთ სახლებში ეპატიჟებიან უკრაინელებს საცხოვრებლად. გვეხმარება რამდენიმე ბიზნესორგანიზაციაც.  მეორე მთავარი პრობლემა იურიდიული საკითხებია. ბევრი უკრაინელი საბუთების გარეშე დარჩა. მათ არ აქვთ პასპორტი ან იდენტობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. უკრაინის საელჩომ ახლახან დაიწყო წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მოქალაქეების მიღება, თუმცა წლის ბოლომდე ყველა ადგილი დაჯავშნილია და უკრაინელი ლტოლვილები თავიანთ რიგს ელოდებიან. ასევე ერთ-ერთ ძირითად პრობლემას მათი დასაქმება წარმოადგენს. მათ ძალიან უჭირთ, რომ იშოვონ სამსახური“, – ამბობს კატერინა კოზაკი, საქართველოში უკრაინის ახალგაზრდული ორგანიზაცია „სვიტანოკის“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი.

„Tvoia Ukraina“ დღემდე 11 ათასზე მეტ უკრაინელს დაეხმარა. ამ ადგილს დღეში საშუალოდ 150-მდე ლტოლვილი სტუმრობს. ცენტრში მომუშავე თითოეული წევრი უკრაინელია… მოხალისე და თავადაც ლტოლვილი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend