მთავარიმსოფლიოევროპა"სამიტი ერთიანობისთვის" - პრაღაში 44 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა

“სამიტი ერთიანობისთვის” – პრაღაში 44 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა

44 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა დღეს, 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, რომლის მიზანიცაა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება.

ნიშანდობლივია, რომ სამიტზე მიწვეულნი არ არიან რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები. სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ ტარდება სამიტი, რომლის გამართვის იდეაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. სამიტში მონაწილეობენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგალითად, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანიც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი სამიტზე დისტანციურად ჩაერთვება.

“ეს არის ნაბიჯი ერთიანი ევროპისკენ, რომელიც მიმართულია ყველა ევროპელისთვის, მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ქვეყანა, არის თუ არა ევროკავშირის წევრი, ამ შეხვედრის არსი არის ერთმანეთთან სტრატეგიული დაახლოებაა, ხოლო მიზანია, სტრატეგიული კომუნიკაციით, მივიდეთ სიტუაციის საერთო აღქმამდე და შევიმუშაოთ საერთო მიდგომა. იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა მიგვიყვანს ახალ საერთო პროექტებამდე. აქ მონაწილეობენ ქვეყნები, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, ქვეყნები, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში არიან, ისინიც, რომლებმაც ახლახან დატოვეს ეს კავშირი და ისინიც, ვინც წევრობას არ აპირებს. მაგრამ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, გვაქვს საერთო ისტორია და ერთად უნდა დავწეროთ ჩვენი მომავალიც. ეს არის ამ სამიტის მიზანი”, — აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

წევრებმა სამიტზე ისაუბრეს ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, კლიმატზე, მიგრაციასა და სხვა საკითხებზე. შემდეგ კი ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრები დაიწყეს. მათ შორის, პირველად, ერთ მაგიდას მიუსხდნენ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ნიკოლ პაშინიანი და ილჰამ ალიევი. ეს სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.

სამიტზე გახსნაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ისაუბრა და თქვა, რომ ევროპა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კრიზისის წინაშეა. მისივე თქმით, ევროპამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება, ამავდროულად კი, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ომმა წარმოშვა.

უკრაინის გვერდში დგომის აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, რომელიც ასევე არის ამ სამიტის ერთ-ერთი ინიციატორი.

“კარგია, რომ ყველანი ვუჭერთ მხარს უკრაინას, სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება. ბევრი ქვეყანა უკრაინას იარაღსაც აწვდის, მათ შორის გერმანიაც. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ევროპის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უხეში დარღვევაა, ყველა ასე მიიჩნევს, ვინც აქ არის შეკრებილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველა შევეწინააღმდეგოთ და არ შევეგუოთ, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას. ჩვენ არც რეფერენდუმების აღიარებას ვაპირებთ”, — ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

სამიტზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თანათავმჯდომარეობით, თემატური დისკუსიაც გაიმართა, სახელწოდებით მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე.

პარასკევს კი არაფორმალურ შეხვედრას გამართავს ევროკავშირის 27 წევრის ქვეყნის ლიდერი, რათა ისაუბრონ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის საპასუხოდ დგამს, თუმცა სამიტის დასრულების შემდეგ ევრობლოკის მიერ ოფიციალური დეკლარაციისა გამოქვეყნება გეგმაში არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend