მთავარისაქართველოპარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს “მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. მინისტრი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა დეპუტატების წინაშე. ანგარიშის შემდეგ, ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვები მოისმინა, რასაც შემდგომ პასუხები გასცა. ოპოზიციონერი დეპუტატები ეკონომიკის სამინისტროს აკრიტიკებენ და მინისტრისგან ძირითადად ინვესტიციების კლების მიზეზებზე ითხოვდნენ მოხსენებას. მმართველი პარტია კი დადებითად აფასებს ეკონომიკის სამინისტროს და პირადად ლევან დავითაშვილის მუშაობას. მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას, ხაზი გაუსვა ინფლაციის დაწოლას ეკონომიკურ განვითარებაზე და პირობა დადო, რომ სამინისტრო ახალ რეფორმებს განახორციელებს.

„მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია არ იყო წლების განმავლობაში აქტუალური – ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის ქვეყნებზე, სადაც ინფლაცია მრავალჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებლებს. საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან და ამის დასაძლევად კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 11-პროცენტიან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება.

ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეკონომიკის სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ შორის, ჩვენს ერთგულებაში რეფორმების მიმართ და იცით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველომ სამწლიანი, ე.წ. Stand-By arrangement რეჟიმით სავალუტო ფონდთან დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 280 მლნ აშშ დოლარის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეს დასჭირდა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვართ რეფორმების ერთგულნი – განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend