უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალევე ოკუპანტების არმიამ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავა. სადგურზე მომუშავე უკრაინის მოქალაქეებს ოკუპანტები საქმიანობას მუქარის ძალით აიძულებდნენ, ამავე დროს კი როგორც კიევი ასევე მოსკოვი ერთმანეთს აბრალებდნენ სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით რუსული მხარე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას საკუთარი საარტილერიო ძალების განთავსებისთვის იყენებდა რათა ახლოს მდებარე ქალაქების დაებომბა.
ოლექსი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი იყო რომელსაც ტურბინებისა და რეაქტორის კონტროლი ევალებოდა, ის ენერჰოდარიდან მაშინ გაიქცა როდესაც შეიტყო რომ ოკუპანტები მას ეძებდნენ.
“ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სამუშაოდ მისულს ადგილზე ოკუპანტები მხვდებოდნენ, მათი სამხედრო ტექნიკა, დეპრესიაში ვიყავი. ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ბევრი ადამიანი სარდაფებში იმალებოდა, მძიმე მორალურ მდგომარეობაში ვიყავით რადგან ოკუპანტები ბევრ ადამიანს აწამებდნენ, მალე ქალაქის სიახლოვეს ტყეში საფლავები გაჩნდა, ყველას ესმოდა რომ საშინელება ტრიალებდა“, – იხსენებს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი თანამშრომელი ოლექსი.
სერჰი შვეტსიც ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა, ის რუსული ინტერვენციისას დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ ენერჰოდარი დატოვა და ამჟამად ზაპოროჟიეს რეგიონში ცხოვრობს.
“მე ზაპოროჟიელი კაზაკების შთამომავალი ვარ, მათთვის იარაღის დაყრა და დანებება წარმოუდგენელი იყო, იყო მხოლოდ თავისუფლება ან სიკვდილი, არ მინდა მონობაში ცხოვრება“, – წუხს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი თანამშრომელი სერჰი შვეტსი.
ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურიდან 1000 ზე მეტი თანამშრომელი გაიტაცეს რუსმა სამხედროებმა, ზოგი მათგანი ამჟამად თავისუფალია, ბევრი მათგანი კი წამების მსხვერპლია.
“რუსი სამხედროები მოსახლეობას პოლიციის შენობაში აწამებდნენ, ამ მიზნით იყენებდნენ ქალაქთან ახლოს მდებარე შენობებსაც, სარდაფებს, რუსი სამხედროები ხალხზე ფიზიკურად ძალადობდნენ“, – იხსენებს ენერჰოდარის მერი დმიტრო ორლოვი.
ორგანიზაცია ენერგოატომის მეთაური, პეტრო კოტინი ფიქრობს რომ დაახლოებით ორასამდე ადამიანი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაშია.
“ამჟამად დაახლოებით ორსამადე ადამიანი ოკუპანტების ტყვეობაშია, ასზე მეტი მაგრამ არაუმეტეს ორასისა, მათ აწამებენ, არც კი ვიცით ზუსტად ამ ადამიანების ვინაობა, ან იმ ადამიანთა ვინაობა რომელთაც აწამებენ“, – ამბობს „ენერგოატომის“ პრეზიდენტი პეტრო კოტინი
უკრაინაში დღემდე ახსოვს 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის ტრაგედია, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კი რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია 11 ათასი ადამიანის სამუშაო ადგილი იყო, ენერჰოდარი კი ერთერთი მდიდარი ქალაქი რეგიონში.