ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის კანონი და ვინ არის ოლიგარქი საქართველოში.
„რეალურად, ის არის პარტიის უჩინარი წევრი და როდესაც ამბობენ, დაამტკიცეთ, რომ ის მართავს საქართველოს, მაშინ გეკითხებით, ვინ არიან ეს მინისტრები, „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანიიდან, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული და ღარიბაშვილი ვინ დანიშნა ან ღარიბაშვილს ვინ მოხსნის, როგორც ერთხელ მოხსნა წინა ღამით. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი თუ არ იქნება ამ კანონის ფარგლებში ოლიგარქი, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ მიიღებს მკვდრადშობილ დოკუმენტს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ სურს არავითარი რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს ეს კანონპროექტი, როგორც ვენეციის კომისიამ ახსნა და თქვა, რომ ის უკრაინული მოდელი, რომელიც არის შესაბამისობაში ამ ინიციატივასთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ეს მივიღოთ. ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, იციან, რომ ეს ზუსტად ის კანონპროექტია, რომელიც ჩამოართმევს და პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს, მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი ხომ იცით, რომელიც არის, ფული რომ მოიპარა თავდაცვის სამინისტროდან და ახლა რომ იქიდან აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
მმართველი გუნდი განიხილავს უკრაინული მოდელის მიღებას, თუმცა ოპოზიციას ეს მოდელი არ მოსწონს. რაც შეეხება უკრაინულ მოდელს, უკრაინაში მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ადგენს კრიტერიუმებს იმის შესახებ, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი. ამასთან, დოკუმენტი ავალდებულებს პოლიტიკოსებსა და სხვა ოფიციალური პირებს, ღიად განაცხადონ მათი კონტაქტების შესახებ ოლიგარქებთან და მათ წარმომადგენლებთან. კანონი უკრძალავს ოლიგარქებს დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური რეკლამები, დემონსტრაციები. ამ კანონის თანახმად, საბოლოოდ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კანონის მიღებისას სხვა ქვეყნის პრაქტიკის გამოყენებამ შესაძლოა, სათანადოდ ვერ იმუშაოს.
„დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ რაც იწვევს გავლენას ფინანსურად და სხვა სახით. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მრავალ ქვეყანაშია და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ არასასურველ გავლენაზე. მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გამართვა და გზების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ მიღებული გარკვეული ზომები, თუმცა, მიმაჩნია, რომ სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისი კონტექსტი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამისთვის მან ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება.
ანა ალელიშვილი