ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთ ნაწილში უკრაინელი სამხედროები ისევ წინ მიიწევენ. რუსეთი ანექსირებული ოთხი რეგიონიდან ვერც ერთს ვეღარ აკონტროლებს სრულად. როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ეს უკრაინელთა ყველაზე დიდი წარმატებაა. მათ ფრონტის ხაზი გაარღვიეს და მდინარე დნეპრის გასწვრივ სწრაფად მიიწევენ წინ.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევას და წინ მიიწევენ. რამდენიმე რეგიონში გათავისუფლებულია ახალი დასახლებები. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,
ამ საომარი მოქმედებების შედეგი ყველასთვის ცხადია – ოკუპანტები გაქცევას ცდილობენ. მტრის ჯარს ყოველდღიურად დიდი დანაკარგი აქვს და ხალხიც უფრო მეტად აცნობიერებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით შეცდომა დაუშვა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთში შესული 4 რეგიონიდან 2-ზე საზღვრებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მისი თქმით, ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთის შემადგენლობაში 2014 წლის მონაცემებით შევა, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან კი კონსულტაციებს გააგრძელებენ.
ორშაბათს რუსეთის დუმა იმისთვის შეიკრიბა, რომ დაემტკიცებინათ ხელშეკრულება, რომელიც 4 ახალი ტერიტორიის რუსეთთან შეერთებას ითვალისწინებს. ამ ხელშეკრულებას ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ფსევდორეფერენდუმის შემდეგ მოაწერა ხელი. ამ კვირაში კი ის ფედერალურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.