საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ფორმალურად დაიშალა. მმართველი პარტიის ფრაქცია კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა. ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია ახალ პოლიტიკურ მოძრაობა „ხალხის ძალას შეუერთდნენ. მათი თქმით, მოსახლეობას დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან დამოკიდებულებაზე უფრო მეტი სიმართლე უნდა უთხრან. რასაც „ქართული ოცნების“ მანდატის ქვეშ ვერ ახერხებდნენ, თუმცა მმართველი პარტიის წიაღში რჩებიან და მათ ინიციატივებსაც მხარს დაუჭერენ.
„ჩვენ, 9 დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობაში. საპარლამენტო უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან.
თქვენ ასევე გაიგეთ, რომ ეს არის პირველი ეტაპი, ჩვენ ასევე ვაპირებთ, რეგიონებშიც გვქონდეს კონსულტაციები. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გვიკავშირდება პირადად თუ სატელეფონოდ, რომლებიც გამოთქვამენ „ხალხის ძალაში” გაწევრიანების სურვილს, ამიტომ ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი და დინამიკური გაფართოება. მიგვაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა სულ უნდა არსებობდეს, რათა ხალხს ვუთხრათ მეტი სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სხვა პროცესებთან დაკავშირებით. რაც აქამდე ვაკეთეთ, ამან გვაჩვენა, რომ მეტი არის საჭირო“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები ადასტურებენ, რომ წასულიც და დარჩენილი დეპუტატებიც ერთ პოლიტიკურ ველზე იქნებიან. იმის თქმას კი რაც აქამდე მმართველი პარტიის გადმოსახედიდან უჭირდათ, ახლა ყოფილი და მეგობარი დეპუტატები ახალი პლატფორმიდან შეძლებენ. სათქმელი კი როგორც ამბობენ, არა ჩრდილოეთის, არამედ დასავლეთის მიმართულებით დაუგროვდათ.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. რაც შეეხება იმას, რის გამოც ეს დეპუტატები გადიან. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით. თუმცა, აუცილებელია საზოგადოებამ ბევრი რამ იცოდეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ცვლილებები, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალებაა და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ, ღიად გადადის პრორუსულ ორბიტაზე.
„ქართულ ოცნებაში” ზეიმია, რადგან სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს და დარჩენილები არიან ბედნიერები, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება, გაფართოების მესამე ტალღაც იქნება და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად გრძნობენ თავს და ჰგონიათ აიცილეს მოღალატის, პრორუსის, ანტიდასავლელის იარლიყი, რომლებსაც სანქციები ემუქრებათ, ეს დროებითია, რადგან როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება ადამიანის მაინც და მაინც მთავარ თვისებად არ მიაჩნიათ. ვინ გადავიდოდა, რამდენიმე გვარი დავასახელე და ახდა. “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი – აქამდე ფორმალურად თამაშობდნენ. ისინი ფორმალურად ერთად არიან, დღეს “ქართული ოცნება” გაფორმდა, როგორც პრორუსული და ანტიდასავლური ძალა, რომლებიც ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და ანტიდასავლურ კურსს გააგრძელებენ. მათი მიზანი იქნება შვეიცარიის ბანკში ივანიშვილის ფულების გადარჩენა და მისი დავალებების შესრულება, რუსეთის მხარეზე დგომა უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე,”- განაცხადა „ენმ“-ის ფრაქციის წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ფორმალურად 75 დეპუტატი დარჩა. თუ 9 დეპუტატისგან წარმოდგენილი გაერთიანება ფრაქციას შექმნის, მაშინ პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, მესამე ფრაქცია აღმოცენდება. უცნობია კიდევ დატოვებს თუ არა რომელიმე დეპუტატი მმართველ პარტიას ახლო მომავალში.
ალეკო გვეტაძე