მთავარისაქართველოსაქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნაა

საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნაა

ხაჭაპური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია, რომლის დახმარებითაც  საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი ISET ქვეყანაში ინფლაციის დონეს ითვლის. ინსტიტუტი იკვლევს, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასს და ადგენს ე.წ. „ხაჭაპურის ინდექსს“, რომელიც ჟურნალ ეკონომისტის „ბიგ მაკის ინდექსის“ ქართული ანალოგია.

ივნისში საქართველოში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა დაახლოებით 5.38 ლარი  ჯდებოდა, დღეს კი პროდუქტი გაცილებით ძვირია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და ყველაზე მეტად სწორედ   სურსათი გაძვირდა. ეკონომისტები ამის ერთ-ერთ მიზეზად რუს მიგრანტთა ნაკადებს ასახელებენ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს:  „მარტიდან მოყოლებული მიგრანტების შემოდინებაა, შემდეგ ამას ტურისტების ნაკადიც დაემატა… ბოლო პერიოდში რუსეთის გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო გაზარდა მიგრანტთა შემოდინება ქვეყანაში. ბუნებრივია, ეს დამატებითი წნეხია მოთხოვნაზე და ისახება ფასების ზრდაზე…“

ეკონომისტი გიორგი პაპავა ინფლაციის კიდევ ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ასახელებს ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. მათ შორის, საწვავის გაძვირებასაც, რაც  ტრანსპორტირების ხარჯებზე მოქმედებს.

საქსტატის მონაცემებით, სურსათიდან ყველაზე მეტად ბოსტნეული და ხილი გაძვირდა. ამ მხრივ საქართველო ძირითადად  იმპორტზეა დამოკიდებული, მაგრამ ასევე გაძვირებულია ადგილობრივი აგროპროდუქტის წარმოებაც.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ  2023 წელს წლიური ინფლაცია 3%-ს დაუახლოოს. ანუ, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს რეფინანსირების მაღალ განაკვეთს ბანკებისთვის, ამით მსესხებლებს კრედიტები უძვირდებათ, რამაც წესით მოქალაქეები ნაკლებად მხარჯველები უნდა გახადოს და პროდუქტზე მოთხოვნა შეამციროს.

თუ ეროვნულმა ბანკმა გეგმა შეასრულა, ქვეყანაში იმერული ხაჭაპურიც უფრო იაფად გამოცხვება. თუმცა, ჯერჯერობით წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში  ორნიშნა რჩება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend