მთავარისაქართველოპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატებმა ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა, უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები. დეოლიგარქიზაციის საკითხზე, პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი პარტია უკრაინულ მოდელს ეყრდნობა. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ უკრაინული მოდელი საქართველოსთვის ადეკვატური არ არის და არ იმუშავებს. ხელისუფლების ოპონენტები ცალკეული ინსტიტუციების გაძლიერებასა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგზე საუბრობენ.

„თუ ეს ერთადერთი მოდელია უკრაინული მოდელი და სხვაგან პრეცედენტი არ არსებობს, მაშინ, საერთოდ, რატომ არსებობს ჩვენი პარლამენტი, ადგილობრივ სპეციფიკას თუ არ გაითვალისწინებს და იმის მიხედვით არ შემოგვთავაზებს, თუმცა ნებისმიერი კომენტარი, სანამ მოდელს არ ვნახავ, იქნება ზედაპირული. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ უკრაინული მოდელი ჩვენთვის ადეკვატური არ არის და არ იმუშავებს. დეოლიგარქიზაციის მიზანი არა პიროვნებების დევნაა, არამედ სისტემის აშენება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოების ბალანსს და ძალაუფლების მიტაცებას კონკრეტული პირის, თუ პირთა ჯგუფის მიერ“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

„ცხადია, როდესაც კანონპროექტს აინიცირებ და დაინიცირებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობ, რომ კონკრეტული კანონპროექტი იქნება სადამსჯელო ღონისძიება ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის, მედიამენეჯერებისთვის და ა.შ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს იყენებ, როგორც პოლიტიკურ დამსჯელ ინსტრუმენტად, იმისათვის, რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე მედიასაშუალებებში და ეს არ არის ის გზა, რომელსაც ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოიწონებს“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ლანა გალდავამ.

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამისთვის მან ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რატომ აიღეს მაგალითი უკრაინის მოდელისგან.

„ერთი ერთში არის გადმოტანილი უკრაინული მოდელი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოვისმენთ მოსაზრებებს, თუკი იქნება ასეთი შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღებული გვაქვს ობიექტურ საზომად ის მიდგომა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, რომლებმაც მოიწონეს პრაქტიკულად უკრაინული მოდელი. იცით, რომ ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც მოქმედებს ეს კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით, ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და ჩაუწერეს უკრაინას, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია ცხოვრებაში და ფართოდ გავრცელება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend