მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, 50-პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ბრაზილიაში ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველ ტურში 24 წლის წინ გაიმარჯვა.

პირველ ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმათა 48 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კი – 43 პროცენტი. პირველი ტურის შედეგებს ორივე კანდიდატი წარმატებად მიიჩნევს. ლულამ 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ის კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული. ახლა კი ბოლსონარუს 5 პროცენტით უსწრებს.

“თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა უარეს მდგომარეობაშია, რომ ეკონომიკა დასუსტებულია, რომ ცხოვრების ხარისხი უარესდება, რომ ჯანდაცვის სისტემა სუსტია. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ქვეყანა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებიც. წინასაარჩევნო კამპანიისთვის მე კიდევ 30 დღე მაქვს,“ – განაცხადა მემარცხენე ლიდერმა ლულამ.

პრეზიდენტ ბოლსონარუსთვის 43 პროცენტი კარგი შედეგია, რადგან წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მას ბევრად დაბალი რეიტინგი ჰქონდა. შედეგებით დადასტურდა, რომ წინასწარი გამოკითხვები რეალობას არ ასახავდა. ამას თავად პრეზიდენტიც ამბობდა.

“რაც მაწუხებს ის არის, რომ ბრაზილია კარგავს თავის თავისუფლებას. ბრაზილია მემარცხენე ქვეყნების გეზს ადგას, როგორებიცაა ვენესუელა, არგენტინა, კოლუმბია, ჩილე და ნიკარაგუა. სწორედ ეს მაწუხებს. ასეთ შემთხვევაში პირველი მსხვერპლი ხალხის თავისუფლება იქნება,” – ამბობს მემარჯვენე ლიდერი და ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარუ.

წინასაარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილს ისინი ერთმანეთის შეურაცხყოფას უთმობდნენ. არჩევნებამდე გამართულ ბოლო სატელევიზიო დებატებში პრეზიდენტმა ბოლსონარუმ ლულას ქურდი უწოდა. ლულამ კი ბოლსონარუ შეშლილად მოიხსენია. ამ დაძაბულობამ ბრაზილიის ქუჩებშიც გადაინაცვლა. არჩევნების წინა დღეებში რიოს ქუჩებში ხშირად ისმოდა შეძახილები: „ლულა ქურდია“ ან „ბრაზილია ბოლსონარუს გარეშე“.

ბრაზილიის მოსახლეობა ბევრი პრობლემის წინაშე დგას. ეს პრობლემებია: სურსათზე ფასების ზრდა, სიღარიბე, განათლების დაბალი დონე და ქვეყანაში არსებული უთანასწორობა. ბრაზილიისთვის ასევე მნიშვნელოვანია ამაზონის ტროპიკული ტყე. ლულა ამბობს, რომ ის ამაზონის დასაცავად უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს. ბოლსონარუს კი მიაჩნია, რომ ტყის ნაწილი ეკონომიკური ექსპლუატაციისთვის უნდა გაიხსნას. კლიმატის დამცველებს მიაჩნიათ, რომ მისი ხელახლა არჩევა ამაზონისთვის სავალალო იქნება. თუმცა, მათი თქმით, ლულას პრეზიდენტობის დროსაც არსებობდა გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები.

წინა საარჩევნო კამპანიისას ბოლსონარუ ამბობდა, რომ ის დამარცხებას არ აღიარებს და მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი თანამდებობიდან გადაყენება. მან ასევე ეჭვი შეიტანა ბრაზილიის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამართულობაში და ამტკიცებდა, რომ მას გაყალბებისთვის გამოიყენებდნენ.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend