მთავარისაქართველო2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროების დაფინანსება იზრდება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროების დაფინანსება იზრდება

21 მილიარდ 302 მილიონი ლარი – ასე გამოიყურება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით მილიარდ 700 მილიონი ლარით მეტია. გაზრდილი ბიუჯეტიდან უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ სამინისტროები, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც იზრდება. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაამტკიცა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება – შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, რეგიონული განვითარარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის სამინისტროების დაფინანსება. ხოლო მკვეთრად, 278 მილიონ ლარზე მეტით მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება.

“ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. თუმცა ვნახოთ, შეიძლება უფრო მეტიც დაფიქსირდეს. ჩვენ უკვე საკანონმდებლო დონეზეც გვიწევს შევამციროთ ბიუჯეტის დეფიციტი და ჩამოვიდეთ 3.3%-ზე დაბლა – 2.8%-ით არის წარმოდგენილი. დოკუმენტი ორიენტირებულია სოციალური საკითხების მოგვარებაზე. დაფინანსება თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია, მათ შორის ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ძალოვანი უწყებების დაფინანსების ზრდა ძირითადად ხელფასების 20%-ით ზრდით არის განპირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, უწყების ბიუჯეტის 10%-ით ზრდა, ძირითადად პოლიციელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის განისაზღვრა. ახლა განხილვები დაიწყება, თუმცა ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ პროექტში არ შევა“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის წევრი და ზოგადად ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ლოგიკურია და ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი არ მიუძღვის. რაც შეეხება დაგეგმილი ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ოპოზიციის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პროექტი მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს ვერ პასუხობს და არც საგარეო თუ საშინაო ვალის მკვეთრად შემცირებას ითვალისწინებს.

„ერთია ბიუჯეტის ზრდა და მეორეა მისი რეალური წონა. იმის ფონზე რომ ინფლაცია მაღალია, რის ხარჯზეც შემოსავლები მცირდება, რადგან ყველაფერი გაძვირებულია, ბიუჯეტის ზრდა ვერაფერი შეღავათი იქნება მოქალაქეებისთვის. ხალხი სინამდვილეში ღატაკდება. იზრდება მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების და ხელოვნურად შექმნილი ბიუროკრატიული ინსტიტუტების ხარჯები და დაფინანსება. ტენდერებს მათივე კომპანიები იგებენ. რეალურად ხალხამდე, რიგით მოქალაქემდე ეს სიკეთეები არ მიდის, თუ რამე შეუიძლება მოჰვეს ბიუჯეტის და ეკონომიკის ზრდას“, – აცხადებს „ენმ“-ის ფრაცქიის წევრი რომან გოცირიძე.

სამინისტროების გარდა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსების გაზრდა სხვა სახელმწიფო უწყებებისთვისაც იგეგმება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. ახლა შესაბამისი კომიტეტები ბიუჯეტის პროექტის საგნობრივ განხილვას დაიწყებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ წარმოდგენილ პროექტში დრამატული ცვლილებები არ შევა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend