მთავარისაქართველოსახალხო დამცველის ასარჩევად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

სახალხო დამცველის ასარჩევად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

განაცხადი ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად 19-მა პირმა შეიტანა

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტისათვის განაცხადების წარდგენის ვადა 29 სექტემბერს ამოიწურა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სულ 19 მსურველის განაცხადი შევიდა. პარლამენტის სპიკერმა გამართული ბრიფინგის შემდეგ, კანდიდატების შემფასებელ 9 კაციანი კომისიის წევრებთანაც გამართა პირველი ოფიციალური შეხვედრა. დამსწრეებმა დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებისა და განაცხადების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება.პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, რომ 21 ოქტომბრის ჩათვლით, მათი კანდიდატი დაასახელონ.მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დასახელდეს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ვნახეთ, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. იყო ეჭვი 9-კაციანი ჯგუფი როგორ შედგებოდა, ნახეთ, რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით შედგა შემფასებლების 9-კაციანი ჯგუფი. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის გამჭვირვალედ, ღიად და ობიექტურად. ჯერი ახლა არის ოპოზიციაზე, რომ 19 შესაძლო კანდიდატიდან შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი.

მნიშვნელოვანია ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც არის კრიტერიუმი. მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი უნდა იყოს, ეს დამოკიდებულება ცხადად არის გამჟღავნებული. გვინდა იყოს რაც შეიძლება ობიექტური ადამიანი ამ პოზიციაზე, რაც მიგვიყვანს დადებით შედეგამდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე მკაფიო მოსაზრება აქვს მოქმედ ომბუდსმენს. ნინო ლომჯარია პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახსენებს, რომ ამ საკითხს ევროკავშირი დიდი ყურადღებით დააკვირდება და წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილების მიღებისას, გადამწყვეტ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი იქნება.

„ამ დროის მდგომარეობით, შემიძლია, პროცესი დადებითად შევაფასო. პროცესზე ამ წუთას ვერაფერს ვიტყვი, რაიმე ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ მოხდება პარლამენტში კანდიდატების შერჩევა და როგორ მოხდება ხმის მიცემა. არ ვიზიარებ ცალკეული დეპუტატის, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდება იმ დოკუმენტის და რეკომენდაციების სულისკვეთების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა როგორც ე.წ. საშინაო დავალება გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

არჩეული ომბუდსმენის კვალიფიციურობის და დამოუკიდებლობის იმედი აქვს ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოში. პაველ ჰერჩინსკი ევროპული დიპლომატიით ახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი სწორედ ეს საკითხია.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი. როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ასე რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, პროცესი დასრულდება უმაღლესი კვალიფიკაციის პირის შერჩევით და როგორც მე ვხვდები, ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა პარლამენტში“, – აცხადებს ელჩი.

კანდიდატების განაცხადების წარდგენის შემდეგ, შემფასებელი კომისია თითოეულ კანდიდატზე თავის შეფასებას მოამზადებს. შემდეგ უკვე დეპუტატების გადასაწყვეტი იქნება, როგორი სახალხო დამცველი ეყოლება საქართველოს – პროფესიონალური ნიშნით თუ პოლიტიკური კეთილგანწყობით არჩეული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend