მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები და შეფასებები

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები და შეფასებები

რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ოთხ უკრაინულ რეგიონში, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, კრემლის მარიონეტულმა რეჟიმებმა ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმში მოსახლეობის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს.

ოთხი რეგიონი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის დაახლოების 15 პროცენტს შეადგენენ, უახლოეს მომავალში რუსულ სამართლებრივ სივრცეში ანექსირებულნი იქნებიან.

რეგიონებში რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოსკოვთან გაერთიანებას ხერსონში მოსახლეობის 87- მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ლუჰანსკში 98 – მა პროცენტმა, ზაპოროჟიეში 93 – მა პროცენტმა, ხოლო დონეცკში 99 – მა პროცენტმა.

მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავალი სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარა ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში ჩატარებულ რეფერენდუმებს და მათ შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ პროცესით და ღიად ვაცხადებთ, რომ ამ რეფერენდუმს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ისევე როგორც ეს ყირიმის ნახევარკუნძულის შემთხვევაში იყო“, – განცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავეშოღლუმ.

ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში გამართულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმებთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები გაკეთდა კიევსა და ვაშინგტონშიც.

“ჩვენ მოსახლეობას დავიცავთ ხერსონის რეგიონში, ზაპოროჟიის რეგიონში, დონბასში და ხარკივის რეგიონის ჯერ კიდევ ოკუპირებულ მიდამოებში, ყირიმში. ეს ყალბი პროცესი ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმად ვერ შეფასდება, ჩვენ დასაწყისიდანვე ვიცოდით ეს პროცესი როგორ დასრულდებოდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კრემლის მიერ წარმოებული ანექსიის პარალელურად უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend