მას შემდეგ რაც კრემლმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 27 სექტემბერს განაცხადა, შემომსვლელთა ნაკადმა 40-45 %-ით მოიმატა, გასვლით კი გადის დაახლოებით 60%. თუმცა ზაფხულში უფრო მეტიც იყო.
„დღეს ყველაზე დიდი ციფრი არ არის. ზაფხულში იყო აგვისტოში მაგალითად ოღონდ ისინი იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ ჩვენი აზრით, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეები უწყვეტად მოედინებიან საქართველოშიც. მიგრაციის ტალღას უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა – დაახლოებით 70-80 პროცენტით.
საინვესტიციო ბანკის “ გალტ ენდ თაგარტის“ ექსპერტი კახა სამყურაშვილის ინფორმაციით, მკვეთრი ზრდა ძირითადად მიგრაციის პირველ პერიოდზე მოდის.
კახა სამყურაშვილი, საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ უფროს ასოცირებული მკვლევარი:
„მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, უფრო მარტი-აპრილის თვიდან მოყოლებული, როდესაც პირველი დიდი ტალღა შემოვიდა მიგრანტების, ქირების ბაზარზე მოხდა ძალიან დიდი ზეწოლა ასე რომ ვთქვათ და ქირები აპრილში გაიზარდა დაახლოებით 70 პროცენტით, რასაც შეიძლება დავარქვათ ნახტომსიებური ზრდა. ამის შემდეგ ქირები სტაბილურად მაღალი იყო და მიზერულად იცვლებოდა.“
იგი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ბინას ქირაობენ ან იჯარით იღებენ. ნაკლებია საინვესტიციო და კომერციული ინტერესი. მისი აზრით ახლად შემოსული რუსები აქ დროებით არიან და გასვლას აპირებენ.
თუკი პირველი ნაკადი ძირითადად საშუალო კლასის – საქართვლოს სტანდარტებით შეძლებული ადამიანები იყვენენ, რომლებიც ძირითადად თბილისისა და ბათუმის ცენტრში ქირაობდნენ ან ყიდულობდნენ ბინას, მეორე ტალღის ტენდენცია ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.
„ახლა გვაქვს კიდევ ერთი მიგრაციული ტალღა, რომლის ეფექტსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ქირის ბაზარზე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა ამისთვის, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ აუცილებლად იქონიებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გავლენას ქირების ბაზარზე. არა მგონია ისეთივე ნახტომისებური ზრდა იყოს როგორიც დასაწყისში, თუმცა აუცილებლად იქნება პირობითად კიდევ ერთი ზრდა ქირების,“ – ამბობს კახა სამყურაშვილი. მისი თქმით, მიგრანტების დაახლოებით 90-95 პროცენტი ბინას დაახლოებით ნახევარი ან ერთი წლით ქირაობს, რაც იმაზე მიანიშნებს რომ დარჩენას არ გეგმავენ:
„ქირის ნაწილში ბევრად დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ყიდვის. ყიდვა ლიმიტირებულია. ეს უფრო შეძლებული ნაწილია მიგრაციული ტალღის, ისინი ქირაობენ, იმიტომ რომ ყიდვა არ არის ლოგიკური გამოსავალი როდესაც მათი აქ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.“
თავად მიგრანტების უმეტესობა კომენტარის გაკეთებას ერიდება. ვინც საუბრობს სამომავლო გეგმებზე – ძირითადად ორიოდე სიტყვით.
მაგალითად პეტერბურგელი მიგრანტი ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრეს. სანამ მდგომარეობა უფრო დაიძაბებოდა, ორივე იძულებით ემიგრაციაში საქართველოში ჩამოვიდა. თუმცა აქ დარჩენას არ აპირებენ.
„განვიხილავდით ბინის ყიდვასაც, მაგრამ საქართველო უკვე ისე გადაიტვირთა ჩამოსულებით რომ აღარ გვინდა ამ ქვეყნის და ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ვისარგებლოთ და ჩვენ პრობლემებს დამოუკიდებლად გადავჭრით,“ – განმარტა მან.
კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სასტუმროს ქირას ჯერჯერობით მისი დამსაქმებელი კომპანია უხდის, დარჩენას გეგმავს:
„აქ ერთი და ორი თვით არ ჩამოვედი, დარჩენას ვაპირებ, რადგან ბევრად უკეთესი გადასახადებია. შეიძლება ბინაც ვიყიდო, მაგრამ ახლა სხვა რამეა პრიორიტეტი.“
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსი მიგრანტების მხრიდან საქართველოში მიწის შესყიდვის სურვილიც გამოიკვეთა: „მაგრამ ძალიან დაბალი ბიუჯეტები აქვთ, აქედან გამომდინარე არა აქვთ მიწის შეძენის შანსი.“
კახა სამყურაშვილის აზრით, ეს მოთხოვნა იმდენად მცირე იქნება, რომ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს:
„ზოგადად მიწების ბაზარი ბევრად არალიკვიდურია ბინების ყიდვის ან ქირის ბაზართან შედარებით და ვფიქრობ ეს მოთხოვნა ვერ შეცვლის მიწის ბაზარზე სტატუს-ქვოს, შეიძლება რაღაც კატეგორიას აქვს მოთხოვნა მაგრამ ეს არ იქნება მასიური.“
ვაჟა მებაღიშვილის დაკვირვებით, ე.წ. მიგრაციის მეორე ტალღის ფონზე შემოსულები ძირითადად დაბალბიუჯეტიან პატარა ბინებს ითხოვენ.
„თუ მანამდე ჩამოსულს უნდოდა ქვეყანაში რაღაცა მაღალბიუჯეტიანი სტატუსით შემოსულიყო, დღეს ყველა ცდილობს ფეხი მოიკიდოს ჩვენ ქვეყანაში. ბოლო ზარებს თუ გადავხედავთ, კომპანიაში – ჩემთან უშუალოდ – ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ითხოვენ ძალიან დაბალი ბიუჯეტით ბინებს, რაც ცხადია არ გვაქვს და ხუთ-ხუთ, ექვს-ექვს, ათ-ათ ადამიანს უნდა განთავსება. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ასეთი სერვისი არ გვაქვს,“ – განმარტავს მებაღიშვილი.
იგი შიშობს, რომ მიგრაციის დროს არსებობს ე.წ. სკვოტინგის რისკიც, როდესაც გადახდის უუნარო მდგმური პატრონს ბინას აღარ უთმობს. ამიტომ ზოგიერთი მესაკუთრე თავს იკავებს ბინა რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეს მიაქირავოს.
ავტორი: ნინო ფაცურია